ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმის განხილვა 4 დღით გადაიდო
ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმის განხილვა 4 დღით გადაიდო
54 წლის ბრიტანეთის მოქალაქის, ჯინ ჰენლონის გარდაცვალებიდან 17 წლისთავზე დაიწყება მისი საქმის განხილვა სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ ქალის ცხედარი 2009 წლის მარტში ირაკლიოს ნავსადგურზე იპოვეს.
სასამართლო პროცესი 30 ივნისს, სამშაბათს, ლასითის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დაიწყება. საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი გახდა ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის ჯინ ჰენლონის პირადი დღიური, ბრალდებულის ჩვენებებში აღმოჩენილი წინააღმდეგობები და კერძო გამომძიებლის მიერ მოპოვებული მასალები.
გარდაცვლილის სამი ვაჟი: მაიკლი, რობერტი და დეივიდ პორტერები, პროცესის დაწყებას სამართლიანობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ისინი ძალიან ღელავდნენ, რომ პროცესი შესაძლოა კვლავ გადადებულიყო, თუმცა ახლა იმედოვნებენ, რომ საქმე საბოლოოდ გაიხსნება.
ბრალდებულის სკამზე ჯინ ჰენლონის ყოფილი პარტნიორი დაჯდება, რომელსაც ქალის მკვლელობაში ედება ბრალი.
სასამართლო დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრალდებულის ახალმა ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად პროცესის გადადება მოითხოვა. სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები უკვე კრეტაზე იმყოფებოდნენ, მხოლოდ ოთხდღიანი გადავადება დაუშვა და პროცესის დაწყება 30 ივნისისთვის დანიშნა.
