მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ
მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ
მგლებისა და ტურების ქალაქებთან და დასახლებებთან გამოჩენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ადვილად ხელმისაწვდომი საკვები და წყალი, ნარჩენები, ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება, ხანძრები და ადამიანის ინტენსიური საქმიანობა ტყეებში. განსაკუთრებით ტურა ადვილად ეგუება დასახლებული ტერიტორიების შემოგარენს, ხოლო მგლის გამოჩენა უფრო დროებით ხასიათს ატარებს.
სალონიკში ცხოველების უფრო და უფრო ხშირად გამოჩენაზე ისაუბრა არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა დიმიტრის ბაკალუდისმა, რონელმაც განმარტა, რომ ცხოველების დაფიქსირების შესაძლებლობა გაცილებით მეტია დღესდღეობით მობილური ტელეფონებით, უსაფრთხოების კამერებითა და ბუნებაში დამონტაჟებული კამერებით.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკვების მარტივი ხელმისაწვდომობაა. ნაგავი და სხვა საკვები წყაროები გარეული ცხოველებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამიტომ მნიშვნელოვანია ნარჩენების სწორად შენახვა, დროული გატანა და გარეული ცხოველების ან მაწანწალა ცხოველების გამოკვების თავიდან აცილება.
თუ მგელს ან ტურას ქუჩაში, პარკში ან დასახლების მახლობლად შეხვდებით, არ მიუახლოვდეთ, არ შეაშინოთ, არ ეცადოთ მის დაჭერას ან ჩაკეტვას და არ მიხვიდეთ ფოტოს გადასაღებად. დაუტოვეთ ცხოველს თავისუფალი სივრცე, რათა თავად შეძლოს გაქცევა.
ცხოველი განსაკუთრებით შეიძლება გახდეს აგრესიული, თუ თავს საფრთხეში, კუთხეში მომწყვდეულად ან საკუთარი ნაშიერების დაცვის მდგომარეობაში გრძნობს.
სპეციალისტის შეფასებით, ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა და ქალაქებში ნარჩენების სათანადო მართვა აუცილებელია ადამიანისა და ველური ბუნების უსაფრთხო თანაარსებობისთვის.
