„საუკუნის ძარცვა“ – საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ისტორია
„საუკუნის ძარცვა“ – საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ისტორია
საბერძნეთის კრიმინალური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წინასწარ ზედმიწევნით დაგეგმილი ძარცვა, რომელსაც ჟურნალისტებმა „საუკუნის ძარცვა” უწოდეს, დღემდე გაუხსნელ საქმედ რჩება. გამოძიებამ ვერ დაადგინა დანაშაულის რეალური ორგანიზატორები და შემსრულებლები, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით საქმე უკვე ხანდაზმულად ითვლება.
ეს იყო ოპერაცია, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით, მოთმინებითა და საინჟინრო ოსტატობით განხორციელდა. მძარცველებმა ბანკში შესაღწევად მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს, სეიფი გახსნეს და ასობით კლიენტის ძვირფასეულობა ისე გაიტაცეს, რომ ვერავინ მიხვდა რა მოხდა.
1992 წლის 21 დეკემბრის, ორშაბათის დილა, ათენში, კალიროის ქუჩის №19-ში მდებარე შრომის ბანკის ცენტრალური ფილიალის თანამშრომლებისთვის უჩვეულო სამუშაო დღე აღმოჩნდა. ბანკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ გატეხილი იყო ჯავშნიანი საცავი, სადაც კლიენტების პირადი სეიფები ინახებოდა. 1 151 სეიფიდან 301 გატეხილი იყო, ხოლო მათში არსებული ძვირფასეულობა, ფული და სხვა ფასეულობები გამქრალიყო. მოპარული ქონების ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დრახმად შეფასდა, რაც იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. თუმცა პოლიციელები ყველაზე მეტად ბანკში შეღწევის მეთოდმა გააოცა.
დამნაშავეებს ბანკში შესაღწევად მდინარე ილისოსის კალაპოტიდან, რომელიც კალიროის ქუჩის ქვეშ მიედინება, მიწისქვეშა გვირაბი გაეყვანათ. გვირაბის სიგრძე დაახლოებით 25 მეტრი იყო და ის საოცარი ოსტატობით იყო მოწყობილი. მძარცველებს გვირაბის მთელ სიგრძეზე რელსები გაეყვანათ და სპეციალური პატარა ვაგონეტის საშუალებით მიწის ამოთხრილ მასას გარეთ ეზიდებოდნენ.

გამოძიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი გარემოება ის იყო, თუ როგორ შეძლეს დამნაშავეებმა ასეთი მასშტაბური სამუშაოს შესრულება ისე, რომ გამვლელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. პოლიციის შეფასებით, გვირაბის გათხრას სულ მცირე 10 დღე დასჭირდებოდა, თუმცა ზოგიერთი ვარაუდით, სამუშაო შესაძლოა სამ თვემდეც გაგრძელებულიყო.
ბანკის შიგნით მძარცველებმა 19-20 დეკემბრის შაბათ-კვირას იმოქმედეს. მათ დაუბრკოლებლად გახსნეს ის სეიფები, რომლებიც წინასწარ ჰქონდათ შერჩეული და დანაშაულის ადგილზე პრაქტიკულად არანაირი კვალი არ დატოვეს. სიგნალიზაცია რამდენჯერმე ჩაირთო, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა ეს ტექნიკურ გაუმართაობად მიიჩნიეს. სწორედ ამ გარემოებამ მისცა დამნაშავეებს საშუალება, მშვიდად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა.
1993 წლის 12 იანვარს გამოძიებაში ახალი გარემოება გამოჩნდა. ვრავრონას სანაპიროსთან, უკაცრიელ ადგილას, აღმოაჩინეს ცარიელი საიუველირო ყუთები, ობლიგაციები, ჩეკები და სხვადასხვა დოკუმენტი. როგორც ჩანს, ეს ნივთები მძარცველებისთვის გამოუსადეგარი იყო, თუმცა სამართალდამცველები იმედოვნებდნენ, რომ მათზე არსებული ინფორმაცია დანაშაულის გახსნაში დაეხმარებოდათ. სამწუხაროდ, აღმოჩენამ გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი ვერ მოუტანა. პოლიციაში თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ დამნაშავეებმა მოპარული ქონება საზღვარგარეთ გაიტანეს, სავარაუდოდ, სწრაფმავალი კატერის გამოყენებით.

საქმემ ახალი მიმართულება 1994 წლის ივნისში მიიღო. კორიდალოსის ციხეში თაღლითობისთვის დაკავებულმა სირიელმა პატიმარმა, ჯუმაქ ხალიდმა განაცხადა, რომ თავადაც მონაწილეობდა ბანკის ძარცვაში. მისი ჩვენების მიხედვით, დანაშაულში მონაწილეობდნენ ბანკის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები. მან დაახლოებით 17 ადამიანის შესაძლო თანამონაწილეობაზე ისაუბრა. გამოძიება სწრაფად განვითარდა. 1994 წლის აგვისტოში გამომძიებელმა მოსამართლემ რამდენიმე პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორის იყვნენ: შრომის ბანკის ფილიალის დირექტორის მოადგილე ანაღნოსტის კალაფატისი, ბიზნესმენები: სტელიოს კოლოვოსი, დიონისის პაპასტამატატოსი და ემანუილ სპანუდაკისი და ასევე საბერძნეთის ფოსტის თანამშრომელი ლაბროს კოცალოსი.
კალაფატისი და პაპასტამატატოსი წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს, ხოლო კოცალოსი სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვებით დროებით გაათავისუფლეს. დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
1994 წლის ნოემბრიდან საქმე სრულიად საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. ტელეკომპანია ANT1-ს ეთერში მიცემულ ინტერვიუში ჯუმაქ ხალიდმა უარყო მანამდე გაკეთებული განცხადებები და მონაწილეობა ბანკის ძარცვაში ეჭვქვეშ დააყენა. 1995 წლის 25 იანვარს მან იგივე პოზიცია სასამართლო ორგანოების წინაშეც დაადასტურა. ამასობაში, რამდენიმე დღით ადრე, კალაფატისი და პაპასტამატატოსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იმავე წლის აპრილში დააკავეს სტელიოს კოლოვოსი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა იმ მტკიცებულებების შესაგროვებლად, რომლებიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა.
1995 წლის შემოდგომაზე კი სასამართლო გამოძიება დასრულდა. სააპელაციო სასამართლოს საბჭოს განჩინებით, შრომის ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი ბრალდებისგან გათავისუფლდა. ამრიგად, მიუხედავად მასშტაბური გამოძიებისა და რამდენიმე დაკავებისა, საქმეში საბოლოოდ დამნაშავეების გამოვლენა ვერ მოხერხდა.
საქმის გაუხსნელობამ მრავალი ვერსიისა და ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ვერსიით, ძარცვის უკან შესაძლოა იტალიელი და რუსი მაფიოზური დაჯგუფებები იდგნენ, რომლებსაც ბერძენი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. სხვა ვერსიები კი დანაშაულს ტერორისტულ ორგანიზაციებს უკავშირებდნენ, მათ შორის საბერძნეთში მოქმედ ორგანიზაცია ΕΛΑ-ს.
თუმცა არც ერთი ეს ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა. დღემდე უცნობია თუ ვინ დაგეგმა და გაუწია ორგანიზება გაუწია ძარცვას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა უშუალოდ ძვირფასეულობის ბანკიდან გატანის პროცესში, ვინ უზრუნველყო ბანკის უსაფრთხოების სისტემის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა 301 სეიფის გახსნა ისე, რომ კვალი არ დატოვეს, სად გაქრა 5 მილიარდი დრახმის ღირებულების ქონება.
შრომის ბანკი 1975 წელს დაარსდა კაპიტალის მფლობელთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ბანკირი კონსტანტინოს კაფსასკისი ხელმძღვანელობდა. ბანკმა ათწლეულების განმავლობაში საბერძნეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა. 2000 წელს კი შრომის ბანკი Eurobank-მა შეიერთა და დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა.
