საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება
საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება
იტალიიდან მომავალი დიდი რაოდენობით ნალექი მომდევნო 48 საათის განმავლობაში საბერძნეთის დიდ ნაწილში ამინდს საგრძნობლად გააუარესებს. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარიშხალი. მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიასის პროგნოზით, ცივი ჰაერის მასების შემოჭრა ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლიც არის მოსალოდნელი.
სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ძლიერი წვიმა და ქარიშხალი დასავლეთ საბერძნეთში დაიწყება და დღის განმავლობაში ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხალკიდიკში, მაგნიასიაში, სპორადესის კუნძულებზე, ევიაზე, ატიკასა და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის რეგიონებში.
ატიკაში ნალექი და ძლიერი ჭექა-ქუხილი შუადღის შემდეგ არის მოსალოდნელი. ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება. სალონიკში მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, შუადღისას კი მოსალოდნელია ქარიშხალი.
ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, უამინდობის ფენომენი აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიძლიერე 9-10 ბოფორს მიაღწევს, იონიის ზღვაში კი – 8 ბოფორს.
ძლიერმა ნალექმა და ქარმა შესაძლოა წყალდიდობები, მეწყერები და ხეების წაქცევა გამოიწვიოს.
ხუთშაბათიდან ამინდი თანდათან გაუმჯობესდება, პარასკევიდან კი ქარიც შესუსტდება. შაბათ-კვირას ტემპერატურა მცირედ მოიმატებს.
