სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა
სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა
საბერძნეთში, ტების სარკინიგზო კატასტროფის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე 23 წლის კვიპროსელი სტუდენტის, კვიპრიანოს პაპაიოანუსის მშობლებმა ჩვენება მისცეს. ახალგაზრდა 2023 წლის 28 თებერვალს მომხდარ მატარებლების შეჯახებას ემსხვერპლა.
დაღუპულის მამამ, ხრისტოდულოს პაპაიოანუსმა, სასამართლოში შვილის ფოტო მიიტანა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კატასტროფამ ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. „ამ შეჯახებამ ჩემს ცხოვრებას საყრდენი გამოაცალა“, – განაცხადა მან.
მშობლებმა კითხვები დასვეს ავარიის შემდეგ გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების მიზეზებზე, დაღუპულთა ცხედრების მოპყრობისა და შემთხვევის ადგილის გაწმენდის პროცესზე. მამამ სასამართლოს მოუწოდა, სრულყოფილად გამოიძიოს ტრაგედიის ყველა გარემოება და დაადგინოს პასუხისმგებელი პირების ვინაობა.
მან ასევე მოითხოვა, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართოს და ყველა ბრალდებულის პასუხისმგებლობა მტკიცებულებების საფუძველზე შეფასდეს.
