რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი
რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი
საბერძნეთში, პიცერიების ქსელ Pizza Fan-ის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველების ეჭვით, სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის მეშვეობით სახელმწიფოსთვის გადასახდელი დღგ-ს 25 მილიონი ევროს ოდენობის თანხა დამალეს.
გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ხალანდრის რაიონში მდებარე კომპანიის ბუღალტერია იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ალგორითმი შეკვეთების დამუშავებისას გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც შეკვეთის ღირებულება 40 ევროს არ აღემატებოდა, გადახდა ნაღდი ფულით ხდებოდა, ხოლო შეკვეთა მიტანის სერვისით ან ადგილზე გატანისთვის იყო განკუთვნილი. ამ დროს სალაროში ირჩევდნენ ფუნქციას „საჩუქარი – ქვითარი“, რის შედეგადაც მომხმარებელი იღებდა ჩვეულებრივ ქვითარს მიმსგავსებულ დოკუმენტს, თუმცა ოფიციალური საგადასახადო ქვითარი არ იბეჭდებოდა.
ბოლო ინფორმაციით, საქმეზე 23 ადამიანია დაკავებული, მათ შორის კომპანიის მფლობელი კონსტანტინოს ანტარასი, ბუღალტრები და ფილიალების მმართველები.
ჩხრეკისას დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 1,3 მილიონი ევრო ნაღდი ფული აღმოაჩინეს. მათ შორის, კომპანიის მფლობელის ვილაში, ტანსაცმლის სათავსოს უკან მოწყობილ საიდუმლო ოთახში, მილიონ ევროზე მეტი და ძვირფასეულობა იპოვეს.
საქმის გამოძიება ყოფილი თანამშრომლის საჩივრის შემდეგ დაიწყო. მისი განცხადებით, კომპანიის ფილიალებში დასაქმებულებს რეალურად ნამუშევარზე ნაკლებ საათებს უფიქსირებდნენ რათა შემცირებული სოციალური შენატანები გადაეხადათ.
