მესოლონგი: 13 წლის სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი გახდა
მესოლონგი: 13 წლის სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი გახდა
მესოლონგში პოლიციამ 15 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც 13 წლის უცხოელი მოზარდის მიმართ ბულინგი, მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა ედება ბრალად.
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 წლის მოზარდი სოციალურ ქსელში შეტყობინებების საშუალებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა 13 წლის ბიჭზე. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ის მსხვერპლს მისი წარმოშობის გამო აკრიტიკებდა და რასისტული შინაარსის კომენტარებს უგზავნიდა.
დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც ორშაბათს მოხდა. პოლიციის ცნობით, 15 წლის მოზარდმა 13 წლის ბიჭს მისი საცხოვრებელი სახლის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რის შემდეგაც სამართალდამცავ ორგანოებში ოფიციალური საჩივარი შევიდა.
გამოძიების შედეგად დადგიდნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული მსხვერპლზე ფსიქოლოგიურად არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ სკოლაშიც ძალადობდა. ასევე, მას ხშირად ავიწროებდა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში შემთხვევით შეხვედრის შემთხვევაშიც კი.
15 წლის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სუსტი და დაუცველი პირის მიმართ სხეულის დაზიანების მცდელობის, რასისტული მოტივით განხორციელებული ბულინგის, მუქარისა და შეურაცხყოფის მიყენების მუხლებით.
ამასთან, პოლიციამ დააკავა მოზარდის მამაც, რომელსაც არასრულწლოვანის სათანადო ზედამხედველობისა და აღზრდის მოვალეობის უგულებელყოფას ედავებიან.
