საბერძნეთში კანონიერი ემიგრაციის ტენდენცია იზრდება
საბერძნეთში კანონიერი ემიგრაციის ტენდენცია იზრდება
საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, თანოს პლევრისმა, პარლამენტში კანონიერი ემიგრაციის შესახებ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს პირველი დადებითი შედეგები წარადგინა. მისი განცხადებით, ახალი სისტემა მნიშვნელოვნად აჩქარებს უცხოელი მუშაკების დასაქმებისა და ბინადრობის ნებართვების განახლების პროცედურებს და ამცირებს ბიუროკრატიას.
2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში უცხოელი მუშაკების დასაქმებაზე გაცემული მოწვევების რაოდენობა 41 000-დან 68 000-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27 000-ით მეტია.
ასევე დაჩქარდა ბინადრობის ნებართვების განახლების განაცხადების განხილვა: თებერვალში არსებული 85 000 განაცხადიდან ნოემბრის დასაწყისისთვის უკვე 65 000 განხილული იყო.
ახალი რეგულაციით, განახლებული ბინადრობის ნებართვა გაცემის მომენტიდან მინიმუმ ორი წლის ვადით იქნება მოქმედი, რაც თავიდან აიცილებს შემთხვევებს, როდესაც ხანგრძლივი ადმინისტრაციული შეფერხებების გამო მოქალაქეები უკვე ვადაგასულ დოკუმენტებს იღებდნენ.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებას ექვსი თვის შემდეგ შეიცვალოს დამსაქმებელი იმავე საქმიანობის სფეროში, აგრეთვე ერთ პროექტზე მაქსიმუმ 500 უცხოელი მუშაკის დაჩქარებული წესით ჩამოყვანის შესაძლებლობას.
პროცედურების შემდგომი გამარტივებისთვის იგეგმება დასაქმების მოწვევასთან ერთად საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრის (ΑΦΜ) ავტომატურად მინიჭება, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. შემდგომ ეტაპზე ანალოგიური სისტემა ჯანმრთელობის დაზღვევის ნომრის (ΑΜΚΑ) მინიჭებასაც შეეხება.
გარდა ამისა, იგეგმება ბინადრობის ნებართვების განაცხადების ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამსახურზე ავტომატური გადანაწილება, მათი დატვირთვის მიხედვით, რათა შემცირდეს ლოდინის დრო და დაჩქარდეს განაცხადების განხილვა.
მინისტრის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიზანია კანონიერი ემიგრაციის მართვის გაუმჯობესება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული პროცედურების დაჩქარება.
