საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური წითელ განგაშს ძალაში ტოვებს
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური წითელ განგაშს ძალაში ტოვებს
საბერძნეთში უამინდობის ფენომენი „არგოსი“ გრძელდება. ევროპის მეტეოროლოგიური ცენტრის (ECMWF) პროგნოზით, მომდევნო საათებში განსაკუთრებით ძლიერი ნალექია მოსალოდნელი ცენტრალურ ევიასა და ატიკას ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ეგეოსის ზღვაში ქარის სიჩქარე ზოგან 8-10 ბოფორს მიაღწევს.
ყველაზე უხვი ნალექი ცენტრალურ ევიაშია მოსალოდნელი, სადაც 24 საათში ნალექის რაოდენობამ შესაძლოა ადგილობრივად 80 მმ-ს გადააჭარბოს. ატიკაში ძლიერი წვიმა ძირითადად რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ვიოტიასთან და ევიას ყურესთან ახლოს იქნება.
განსაკუთრებით ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი ეგეოსის ზღვაში კვირას ღამიდან ორშაბათამდე დაფიქსირდება. ზოგიერთ საზღვაო რაიონში ქარის მაქსიმალური სიჩქარემ შესაძლოა 100–110 კმ/სთ-ს მიაღწიოს.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (EMY) განახლებული საგანგებო გაფრთხილების თანახმად, კვირას ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი ატიკაში, თესალიის აღმოსავლეთ ნაწილში, სპორადესზე, ევიასა და პელოპონისოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მოსალოდნელია ასევე ძლიერი თოვა მთიან და ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში.
ორშაბათს, 30 ნოემბერს, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი კრეტაზე, ხოლო დოდეკანისას კუნძულებზე გამოცხადებულია ნარინჯისფერი გაფრთხილება. ეგეოსის ზღვაში ძლიერი ქარი კვლავ 8–10 ბოფორს მიაღწევს.
რისკების შეფასების კომისიის სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება ატიკაში მოსალოდნელ ძლიერ ჩრდილოეთის ქარზე გაამახვილეს. მათი პროგნოზით, კვირას საღამოდან ორშაბათის ჩათვლით ქარის სიძლიერე 8–9, ზოგან კი 10 ბოფორს მიაღწევს.
„წითელი კოდის“ (Red Code) რეჟიმი კვირას მოქმედებს ატიკაში, თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონისოზე, ხოლო ორშაბათს აღნიშნული რეჟიმი კრეტაზეც ამოქმედდება.
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ყურადღებით გაეცნონ ამინდისა და საგზაო მოძრაობის შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებებს.
