როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა
როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა
ათასობით მოქალაქის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, როდოსის გენერალური საავადმყოფო ორ თანამედროვე სამედიცინო აპარატურას შეიძენს და საავადმყოფოს სპეციალიზებული პროგრამით უზრუნველყოფს. დაფინანსება განხორციელდა საქველმოქმედო კამპანიის „როდოსი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მე-17 ჩატარდა.
მოსახლეობის აქტიურმა ჩართულობამ ორგანიზატორებს 2026 წლისთვის დასახული სამივე მიზნის მიღწევის საშუალება მისცა. საავადმყოფო მიიღებს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის თანამედროვე სისტემას, რომელიც რთული ქირურგიული ოპერაციების დროს ნერვების დაზიანების რისკს შეამცირებს და პროცედურების უსაფრთხოებას გაზრდის.
ასევე, კარდიოლოგიური განყოფილება აღიჭურვება ფერადი ექოკარდიოგრაფით, რომელსაც ახალშობილების, ბავშვებისა და ზრდასრულების გამოკვლევისთვის განკუთვნილი სამი სხვადასხვა ფუქნქცია აქვს. აპარატი საავადმყოფოს უკვე გადაეცა.
გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგიური განყოფილებისთვის შეძენილი იქნება სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პრენატალურ კვლევებს, ულტრაბგერით გამოკვლევებსა და პაციენტებზე დაკვირვების პროცესს გააუმჯობესებს.
„როდოსი სიცოცხლისთვის“ დოდეკანისას კუნძულებზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო ინიციატივად ჩამოყალიბდა. მისი მეშვეობით, ათასობით მოქალაქის შემოწირულობა წლების განმავლობაში როდოსის გენერალური საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას ხმარდება.
