ტრიპოდონი- ყველაზე ძველი ქუჩა ათენში
აკროპოლის გორაკის ისტორიულ ფერდობზე, პლაკას უბანში მდებარეობს 25 საუკუნოვანი ქუჩა,რომელიც უძველესია არა მხოლოდ ათენში, არამედ მთელს ევროპაში.
დღევანდელი ტრიპოდონის ქუჩის დიდი ნაწილი ჯერ ისევ უძველეს ქუჩას მიუყვება და სახელიც ძველი შეუნარჩუნებია.
ეს წარმოუდგენელი ფაქტი გინესის რეკორდების წიგნშიც კი არის მოხსენიებული.
ტრიპოდონი ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქუჩა იყო ძველ ათენში, ექვსი მეტრი სიგანით და იყო უმოკლესი გზა დიონისეს თეატრიდან აგორამდე.

იგი იწყებოდა დიონისეს ტაძრის შესასვლელთან, უვლიდა აკროპოლს აღმოსავლეთით, კვეთდა ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილს და მთავრდებოდა აგორასთან.
შემთხვევითი არ არის, რომ იგი ითვლებოდა და ითვლება დღემდე თეატრისა და სახვითი ხელოვნების ქუჩად.
უძველეს ქუჩაზე რეგულარულად ეწყობოდა ღამის მსვლელობები ანთებული ჩირაღდნებით, ღმერთ დიონისეს პატივსაცემად. ქუჩა, რომელზეც მილიონობით ადამიანი დადიოდა საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.

სახელწოდება ტრიპოდონი(სამფეხა) სპილენძის სამფეხას უკავშირდება.
სამფეხა თეატრალურ კონკურსებში გამარჯვებულთა პრიზი იყო, რომლებიც ხშირად ღმერთ აპოლონს ეძღვნებოდა, ამიტომ მათ თეატრის მიღმა, სპეციალურად აგებულ საყრდენებზე ათავსებდნენ.
ამ ძეგლების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში განადგურდა.
ტრიპოდონის ქუჩაზე არსებული ამ ძეგლებიდან დღემდე შემონახულია ლისიკრატეს ძეგლი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 334 წელს დაიდგა.

ძველ ათენში, როდესაც თეატრალურ შეჯიბრში რომელიმე წარმოდგენა იმარჯვებდა, ამ წარმოდგენის დამფინანსებელი პრიზს იღებდა.
სახელმწიფო მას აძლევდა უფლებას აეშენებინა ძეგლი, რათა მასზე გამარჯვებისთვის მიღებული სამფეხა დაედგა.
ლისიკრატე ერთ- ერთი გამარჯვებული თეატრალური წარმოდგენის დამფინანსებელი იყო, რომელმაც გამარჯვების აღსანიშნავად საკუთარი ძეგლი აღმართა.
ლისიკრატეს ძეგლი ტრიპოდონის ქუჩაზე 1669 წელს იყიდა კაპუჩინი ბერების ჯგუფმა და მის გვერდით თავიანთი მონასტერი დააარსეს.
1821 წლის თურქეთ- საბერძნეთის ომის დროს კაპუჩინთა მონასტერი გადაწვეს, ხოლო ძეგლი საფრანგეთის მთავრობის საკუთრებაში დარჩა, სანამ ის დიდოტუს ქუჩაზე მიწის ნაკვეთში გაცვალეს.
მას შემდეგ ძეგლი ბერძნულ სახელმწიფოს ეკუთვნის.

ტრიპოდონის ქუჩა უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით და ეს ასე დარჩა წლების განმავლობაში, დღემდე.
ქუჩის სილამაზეს აღწერდა ლორდი ბაირონი თავის ჩანაწერებში,როდესაც ტრიპოდონის ქუჩაზე მდებარე კაპუჩინთა მონასტერს ეწვია.
ყველა თანამედროვე ბერძენმა მხატვარმა, მწერალმა, აკადემიკოსმა თუ ინტელექტუალმა უამრავჯერ გაიარა ტრიპოდონის ქუჩის ქვები და ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს.
დღეს ეს დიდი ისტორიის მქონე ქუჩა თვალწარმტაცი ქვაფენილის ქუჩაა, მომხიბვლელი პლაკას ერთ-ერთი ულამაზესი ვერსია, გასულ წლებთან შედარებით არც თუ ისე შეცვლილი, სადაც წარსული ასე ჰარმონიულად ერწყმის აწმყოს.
