Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ავტომობილების ქურდების ახალი საზაფხულო ხრიკი

ავტომობილების ქურდების ახალი საზაფხულო ხრიკი

ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, ათენის ბევრი უბანი რამდენიმე დღით თითქმის ცარიელდება. მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გადის დასასვენებლად, ხოლო მათი ავტომობილები ქუჩებში დღეების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას რჩება. სწორედ ამ სიტუაციას უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გაფრთხილება ავტომობილებზე აწეული საქარე მინის საწმენდების შესახებ.

არტემიდის, ღერაკასა და პალინის, ასევე აღმოსავლეთ ატიკის სხვა რაიონების ადგილობრივ სოციალურ ჯგუფებში მოქალაქეები წერენ შემთხვევებზე, როდესაც გაჩერებულ ავტომობილებზე საწმენდები აწეული დახვდათ. გავრცელებული ვარაუდის მიხედვით, შესაძლოა, ვიღაცამ საწმენდი სპეციალურად ასწიოს და მოგვიანებით შეამოწმოს, ისევ იმავე მდგომარეობაშია თუ არა. თუ ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელუხლებელი დარჩა, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მისი მფლობელი ქალაქში არ იმყოფება.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე საბერძნეთის პოლიციას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რომ ავტომობილების საწმენდების აწევა ქურდების მიერ მანქანების „მარკირების“ დადასტურებული მეთოდია. მსგავსი ცნობები სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულა, თუმცა ყოველთვის არ დასტურდება. ამიტომ, ეს ინფორმაცია უფრო მოსახლეობის გაფრთხილებად უნდა აღვიქვათ და არა პოლიციის მიერ დადასტურებულ ქურდობის მეთოდად.

მიუხედავად ამისა, ავტომობილის მდგომარეობაში ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების უგულებელყოფა არ ღირს. თუ საწმენდი აწეული დაგხვდათ, სარკეები შეცვლილი იყო ან მანქანაზე სხვა საეჭვო კვალი შეამჩნიეთ, სასურველია ავტომობილი ყურადღებით შეამოწმოთ. შემთხვევის განმეორების ან საეჭვო ქმედებების შემჩნევის შემთხვევაში კი პოლიციას აცნობოთ.

რას ურჩევს პოლიცია მძღოლებს?

საბერძნეთის პოლიცია მძღოლებს ურჩევს, ავტომობილი გააჩერონ კარგად განათებულ და ხალხმრავალ ადგილებში და შეძლებისდაგვარად მოერიდონ იზოლირებულ ქუჩებს. აუცილებელია კარების ჩაკეტვა, ფანჯრების სრულად დახურვა და სიგნალიზაციის ჩართვა.

ასევე, მანქანაში არ უნდა დატოვოთ თვალსაჩინო ადგილას ფული, ჩანთები, მობილური ტელეფონები, დოკუმენტები ან სხვა ძვირფასი ნივთები.

პოლიციამ 2026 წლის 1 ივლისსაც გაიმეორა ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ საკითხზე: არ გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში, რომ დასასვენებლად ქალაქიდან ხართ გასული. შვებულებიდან გამოქვეყნებულმა ფოტომ ან ასობით კილომეტრის დაშირებით გაკეთებულმა „check-in“-მა შესაძლოა სხვებს მიანიშნოს, რომ თქვენი სახლი და ავტომობილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპატრონოდაა დარჩენილი.

თუ ათენიდან რამდენიმე დღით მიდიხართ, უმჯობესია ავტომობილი დატოვოთ განათებულ, მოძრავ ქუჩაზე ან ისეთ ადგილას, სადაც უსაფრთხოების კამერებია. კიდევ უფრო უსაფრთხო ვარიანტია დაცული კერძო პარკინგი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას აქვს კონტროლირებადი შესასვლელი, დაცვა ან ვიდეოკამერები.

დამატებითი დაცვისთვის შეიძლება გამოიყენოთ მექანიკური ანტიქურდობის საშუალებები, მაგალითად, საჭის საკეტი. თანამედროვე ავტომობილებში კი, თუ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია, სასარგებლოა მანქანის ადგილმდებარეობის კონტროლი მწარმოებლის აპლიკაციის საშუალებით.

და ბოლოს, არსებობს ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური გამოსავალი: თუ მანქანას ქუჩაში ტოვებთ, სთხოვეთ ნდობით აღჭურვილ ადამიანს, პერიოდულად შეამოწმოს იგი. ავტომობილის გარშემო ადამიანის რეგულარული გამოჩენა ამცირებს იმის შთაბეჭდილებას, რომ მანქანა რამდენიმე დღით მიტოვებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *