ალიმოსის მეტროსთან სამმა ახალგაზრდამ 64 წლის კაცი გაძარცვა
ალიმოსის მეტროსთან სამმა ახალგაზრდამ 64 წლის კაცი გაძარცვა
საბერძნეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა, 17 და 19 წლის პირები, დააკავა, რომლებმაც ათენის ალიმოსის მეტროსადგურთან 64 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური ძალის გამოყენებით კისრიდან ორი ჯაჭვი მოხსნეს და გაიტაცეს.
შემთხვევა 9 ნოემბერს, ორშაბათს საღამოს მოხდა. თავდამსხმელებმა გაქცევა სცადეს, თუმცა საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა დევნის შემდეგ მათი დაკავება შეძლეს.
დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას დაზარალებულისთვის წართმეული ორივე ჯაჭვი და დასაკეცი დანა აღმოაჩნდათ, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე ახალგაზრდა 8 ნოემბერს, პერისტერიშიც მონაწილეობდა ძარცვაში. ამ შემთხვევაში მათ 55 წლის მამაკაცს ძალის გამოყენებით კისრიდან ჯაჭვი ჩამოგლიჯეს.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები წარსულშიც ფიგურირებდნენ მსგავსი დანაშაულების საქმეებში.
მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის, თანამონაწილეობით ჩადენილი ძარცვისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის.
