gov.gr-ის განახლებული პლატფორმა საჯარო სერვისებსა და მოქალაქეების ურთიერთობას გაამარტივებს
gov.gr-ის განახლებული პლატფორმა საჯარო სერვისებსა და მოქალაქეების ურთიერთობას გაამარტივებს
საბერძნეთის ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრის, დიმიტრის პაპასტერღიუსის განცხადებით, gov.gr-ის განახლებული ვერსია მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ადმინისტრაციული პროცედურების გასავლელად მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ციფრული დოკუმენტისა და ცნობის მოძიება და ატვირთვა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის სისტემის გაუმჯობესების შედეგად, მოქალაქეს მხოლოდ თანხმობის მიცემა დასჭირდება, რის შემდეგაც საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის ავტომატურად გახდება ხელმისაწვდომი. ახალი სისტემა, წინასწარი გეგმით, 2027 წლის დასაწყისში ამოქმედდება.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საგზაო მოძრაობის დარღვევების კონტროლის სისტემაზე. ამჟამად ატიკაში რეგიონული ხელისუფლების 388 კამერა და დამატებით დაახლოებით 40 ჭკვიანი კამერა ფუნქციონირებს. კიდევ 1 000 კამერის დამონტაჟებისა და შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნის ტენდერები დასრულებულია და მიმდინარეობს შეთავაზებების შეფასება.
მძღოლები ჯარიმის შესახებ SMS შეტყობინებას მიიღებე. მინისტრმა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ ოფიციალურ SMS შეტყობინებას არასოდეს ექნება ბმული, რომელზე გადასვლაც იქნება საჭირო, რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა.
2027 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილი რეგულაციის ფარგლებში ასაკის გადამოწმება Kids Wallet-ის საშუალებით მოხდება. პლატფორმები მიიღებენ მხოლოდ ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა მომხმარებელი 15 წელზე უფროსი, მისი პირადობის სრული იდენტიფიცირების გარეშე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებაზეც. მისი თქმით, ახალი ციფრული სისტემები და ხელოვნური ინტელექტი საგადასახადო დარღვევების გამოვლენას, ფინანსური მონაცემების გადამოწმებასა და დანაშაულების გამოძიებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
პაპასტერღიუსის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება სახელმწიფო მომსახურების გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას გაზრდის და მოქალაქეებს ადმინისტრაციული პროცედურების გავლას გაუმარტივებს.
