კლდეებზე აგებული საუცხოო ბერძნული მონასტრები
საუკუნეების წინ ბერძენი ბერები მონასტრებს დამპყრობლებისგან თავდასაცავად მიუვალ ადგილებში აგებდნენ.
კუნძულებზე არსებული მონასტრები ხშირად ხდებოდა მეკობრეების სამიზნე, ამიტომ ისინი კარგად უნდა ყოფილიყო დაცული და გამაგრებული.
უმეტესი მათგანი გადაურჩა საუკუნეთა სვლას და დღემდე ამაყობს თავისი სიმტკიცით, როგორც ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენისა და ერთგულების დასტური.
ამ მონასტრებიდან ზოგიერთი დღეისათვის კვლავ ფუნქციონირებს და ღიაა როგორც მორწმუნეთათვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი- პატმოსი

პატმოსი ითვლება ეგეოსის ზღვის ყველაზე წმინდა კუნძულად. მას ასევე ბერძნულ აპოკალიფსის კუნძულსაც უწოდებენ და მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უდიდეს საგანძურად მიიჩნევა.
მონასტერი დაარსდა 1088 წელს მთავარ ქალაქ პატმოსში.
1999 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.
მორწმუნეებს სჯერათ, რომ მონასტერი აშენებულია ზუსტად იმ ადგილას, იმ გამოქვაბულთან,სადაც მოციქულ იოანეს აპოკალიფსური ხილვები ჰქონდა.
თურქ- სელჩუკთა მუდმივი შემოსევების გამო და ასევე მეკობრეებისგან თავდასაცავად მონასტერი აპოკალიფსის გამოქვაბულის მაღალ ბორცვზე, ქალღმერთ არტემიდას საკურთხევლის თავზეა აგებული.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი უკვე 932 წელია არსებობს და დღემდე აგრძელებს ბიზანტიურ ტრადიციებს, ასევე ქრისტიანული საგანძურის დაცვის უწმინდეს მისიას.
პანაგია ჰოზოვიოტისას წმინდა მონასტერი- ამორგოსი

გადმოცემის თანახმად პალესტინის ჰოზოვადან აზიის სანაპირომდე ნავით მიცურდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გაგზავნა ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ხატმებრძოლებისგან გადასარჩენად.
როგორც ამბობდნენ ეს ადგილი დემონებით იყო დასახლებული.
ამორგოსელებმა დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა ღვთისმშობლის პატივსაცემად, მაგრამ ყოველ დილით ხედავდნენ, რომ წინა დღეს აშენებული კედლები რაღაც ძალით ინგრეოდა.
ერთ დღესაც მათი სამუშაო იარაღები მაღალ კლდეზე, მიუწვდომელ ადგილას დაკიდებული იხილეს.
მათ ეს სასწაული მიიღეს მინიშნებად ღვთისმშობლის ნებისა, რომ ეკლესია მაღალ კლდეზე უნდა აშენებულიყო.
მონასტერი დღესაც იქ დგას შთამბეჭდავი და ხელუხლებელი, აღმართულია ციცაბო კლდეებზე, ზღვის დონიდან 300 მეტრზე,
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მონასტერი მხოლოდ ზღვიდან ჩანს.
მონასტრის ქვეშ წმინდა ანას სანაპირო ცნობილია თავისი კრისტალურად სუფთა წყლებით, ხოლო სამლოცველო ითვლება ერთ- ერთ ყველაზე პოპულარულ ლოკაციად საქორწინო ცერემონიებისათვის.
ამ ადგილას არის გადაღებული ფილმი “The Big Blue”, რამაც კუნძული ამორგოსი მთელს მსოფლიოში ცნობილი გახადა.
პანაგია ხრისოსკალიცას მონასტერი- ხანია

ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული ბერძნული მონასტერი, რომელიც მდებარეობს კრიტზე, ხანიას სამხრეთ- დასავლეთით, 35 მეტრი სიმაღლის კლდეზე და ლიბიის ზღვას გადაჰყურებს.
ეს არის თეთრი მონასტერი, ციხე- სიმაგრის მსგავსი არქიტექტურით.
მონასტრის ტაძარი ყოვლადწმინდა სამებას და ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნება.
მონასტრის დაარსების წელი უცნობია, თუმცა გადმოცემის თანახმად იგი აშენდა მაშინ, როდესაც ერთმა მწყემსმა კლდეზე მიძინების ხატი იპოვა.
როგორც ამბობენ ხატი იქ ხატმებრძოლობის პერიოდში იყო დამალული 726 წლიდან 842 წლამდე და ჯერ კიდევ მონასტრის ეკლესიაშია.
სახელწოდება “ხრისოსკალიცა” უკავშირდება მონასტრის 98 საფეხურიანი კიბის ბოლო საფეხურს, რომელიც როგორც ამბობენ ოქროსგან იყო დამზადებული და არსებობს ვარაუდი რომ ოსმალეთის ოკუპაციის დროს გაყიდეს, თუმცა ლეგენდის მიხედვით ჭეშმარიტი მორწმუნეები მონასტერში ასვლისას ოქროს საფეხურს მაინც ხედავენ.
ზოოდოხოს პიგის მონასტერი-ანდროსი

ეს არის უდიდესი მონასტერი კუნძულ ანდროზე რომელსაც ადგილობრივები წმინდა მონასტერსაც უწოდებენ.შორიდან ის პატარა ციხესიმაგრეს გავს.
უცნობია როდის აშენდა, თუმცა არსებობს დაუდასტურებელი ვერსია, რომ ბიზანტიის წლებში ის სასწავლებელი იყო, ხოლო 842 წელს იმპერატრიცა თეოდორას მიერ მონასტრად იქნა გადაკეთებული.
ცნობილია რომ ამ სასწავლებელში მრავალი დიდგვაროვანი სწავლობდა, რომელთაგან რამდენიმე შემდეგ სასულიერო მოღვაწეობას შეუდგა.
მონასტრში დღემდე ინახება მე-14, მე-16 საუკუნეების ხატები. აქვე არის მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა მრავალი წიგნითა და ხელნაწერებით, ასევე მუზეუმი რომელშიც დაცულია წმინდა სამოსი, ჭურჭელი და კუნძულზე ნაპოვნი პრეისტორიული იარაღების მცირე კოლექცია.
