კლიმატური ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
კლიმატური ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
კლიმატის ცვლილებას ბევრი მეტისმეტად მაღალ ტემპერატურასთან აიგივებს. სინამდვილეში ძლიერი სიცხე ათტომეულის მხოლოდ ერთი ტომია. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს: ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების (საკვების, საწვავის…) მწვავე დეფიციტსაც კი.
გლობალური საფრთხე რომ ყოველი მხრიდან გვიტევს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წამდაუწუმ გვახსენებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რეალურად რას წარმოადგენს იგი, რატომ გვემუქრება და როგორ დავიცვათ მისგან თავი.
ანთროპოგენული ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, აგროკულტურის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და მთლიანობაში მონაწილეობს გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.
კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის შეგუება კლიმატის ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების გამო იზრდება დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს, რომელთა შორისაა: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს არა მხოლოდ გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას და, ასევე, უკვე არსებული პათოლოგიების გამწვავებას, არამედ, შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ასე მაგალითად, 2003 წელს ევროპაში თბური ტალღების მიზეზით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტთა მოსაზრებით, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით მოხუცებსა და ქრონიკულად ავადმყოფ პირებში.
გარდა პირდაპირი გავლენისა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ირიბადაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში იცვლება მიწისპირა ოზონის და ჰაერის სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.
