კრისტინა ონასისი: უბედური მემკვიდრის ხანმოკლე ცხოვრება
1988 წლის 19 ნოემბერს, სამხრეთ ამერიკაში, მეგობრის სახლში ოცდათვრამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა გემთმფლობელის, არისტოტელე ონასისის ოქროს მემკვიდრე კრისტინა ონასისი.
არისტოტელე ონასისის ერთადერთ ქალიშვილს და ერთადერთ გადარჩენილ მემკვიდრეს, კრისტინას უზრუნველი და უდარდელი ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, თუმცა მისი მეგობრებისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების ყველა ნაამბობი მიუთითებს უბედურ ქალზე, რომლის ცხოვრებასაც დაუსრულებელ ტანჯვად გასდევს ოჯახის წევრების სიკვდილი და წარუმატებელი ქორწინებები.
კრისტინა დაქორწინდა და განქორწინდა ოთხჯერ, ხოლო მისი ბრძოლა წონასთან და ნარკოტიკებთან ფართოდ იყო ცნობილი.
მისი მშობლები განქორწინდნენ 1959 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო და ამის შემდეგ მამამისის და ოპერის მომღერალ მარია კალასის სკანდალური რომანი მას მთელი ცხოვრების მანძილზე უქმნიდა უხერხულობის განცდას.
ის კიდევ უფრო დარდობდა, როდესაც მამამისი 1968 წელს დაქვრივებულ ჯეკი კენედიზე დაქორწინდა, რამაც მსოფლიო მასშტაბის მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კრისტინა ონასისს სჯეროდა, რომ ჯეკი კენედი არისტოტელე ონასისის ქონებით იყო დაინტერესებული და მას “მამის სამწუხარო აკვიატებას” უწოდებდა.
როდესაც კრისტინა ოცდაათი წლის გახდა მის ცხოვრებაში პირადი დარტყმები სწრაფად და დაუნდობლად მოვიდა. მისი ერთადერთი ძმა, ალექსანდრე, 1973 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ერთი წლის შემდეგ დედამისი, ათინა ონასის ნიარხოსი, გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად, თუმცა ბევრი ვარაუდობდა, რომ სინამდვილეში ეს თვითმკვლელობა იყო. როდესაც მამამისი გარდაიცვალა 1975 წელს, სასოწარკვეთილი იმეორებდა: „მე ახლა მარტო ვარ მსოფლიოში“.
მამის გარდაცვალების შემდეგ კრისტინა ონასისმა დატოვა ამერიკის მოქალაქობა და სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა საბერძნეთისა და არგენტინის ორმაგი მოქალაქეობით.
მას ჯერ კიდევ ოცი წლის ასაკიდან ჰქონდა შეხება მამის ბიზნესსა და ფინანსებთან, მის ნიუ-იორკის ოფისებში მდივნის პოზიციიდან დაწყებული საქმიანობით. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან თანდათან გააძლიერა თავისი ძალაუფლება ონასისის ჯგუფზე, თუმცა გარკვეული კითხვები დარჩა 1970-იანი წლების ბოლოს, თუ რამდენად აკონტროლებდა იგი ფინანსებს და რამდენს უტოვებდა ყოველდღიურ მენეჯერებს.
არისტოტელე ონასისის ერთადერთი მემკვიდრე აბსოლუტურ ფუფუნებაში და განცხრომაში ცხოვრობდა, მან ოცდაათი ათასი დოლარი დახარჯა მხოლოდ იმისთვის, რომ აშშ-ში პირადი თვითმფრინავი გაეგზავნა, რათა მისთვის დიეტური კოკა-კოლა ჩაეტანათ, ერთხელ კი უბრძანა ვერტმფრენს ავსტრიიდან შვეიცარიაში გაფრენა, რათა იქ დატოვებული დევიდ ბოუის კასეტა მიეღო.
როდესაც მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაკავებულები იყვნენ და ვერ ახერხებდნენ მასთან ერთად დროის გატარებას, ონასისი მათ აძლევდა ფულს – თვეში ოცდაათი ათას დოლარს – დღის განრიგის მოსაწესრიგებლად.
თუმცა, ქრისტინას სიყვარულში განსაკუთრებით არ გაუმართლა. მისი პირველი ქორწინება ოთხი შვილის განქორწინებულ მამასთან ჯოზეფ ბოლკერთან, რომელიც მასზე ოცდაშვიდი წლით უფროსი იყო, დასრულდა რამდენიმე თვეში 1971 წელს.
მეორე ქორწინება ალექსანდრე ანდრეადისთან, ბერძენი გემთმფლობელის და ბანკირის მემკვიდრესთან, თოთხმეტი თვე გაგრძელდა. მესამე ქორწინება 1978 წელს რუს გემების აგენტთან, სერგეი კაუზოვთან, ასევე სწრაფად დაიშალა.
ონასისის მეოთხე კავშირი ფარმაცევტული იმპერიის მფლობელის მემკვიდრესთან, ფრანგ ტიერი რუსელთან 1984 წელს სამ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, რომელთანაც ქრისტინას ერთადერთი შვილი, ათინა შეეძინა.
ოცდაათი წლის ასაკში კრისტინას კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა გამოწერილი მედიკამენტებით, მაგრამ როგორც ცნობილია, ეწეოდა თვითმკურნალობას სხვადასხვა წამლებით და იყენებდა საკვებს, როგორც “დემონებთან გამკლავების საშუალებას.”
ზოგიერთი ცნობით, ონასისი განიხილავდა ახალი ცხოვრების დაწყებას მისთვის და მისი ქალიშვილისთვის არგენტინაში, რადგან 1988 წლის ნოემბერში ეწვია მეგობრებს, რომლებიც ბუენოს აირესის მახლობლად ცხოვრობდნენ. ის მათთან ერთად იმყოფებოდა არგენტინის დედაქალაქის გარეთ არსებულ ექსკლუზიურ კლუბში.
19 ნოემბერს ქრისტინა იქ მეგობრის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის ერთადერთ მემკვიდრეს, ათინას, უნდა მიეღო 250 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება.
მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას სიკვდილი მიაწერეს გულის შეტევას, რომელიც გამოწვეული იყო წლების განმავლობაში ნარკოტიკების მიღების შედეგად, მისი გარდაცვალების დეტალები ბოლო დრომდე საიდუმლოებით არის მოცული.
იგი დაკრძალულია საყვარელ მამასთან, არისტოტელესთან და ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად, ოჯახურ სასაფლაოზე, კუნძულ სკორპიოსზე.
