საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
საბერძნეთიდან ემიგრანტების ნებაყოფლობითი დაბრუნების (AVRR) პროგრამის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, მასშტაბური ჩარტერული რეისი განხორციელდა. საბერძნეთი დატოვა 114-მა არალეგალმა ემიგრანტმა, რომლებიც აზიისა და აფრიკის ცხრა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ოპერაცია საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროსა და თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ემიგრანტების უმრავლესობა საბერძნეთის ქალაქებში, ძირითადად, უკანონოდ ცხოვრობდა. უწყების შეფასებით, მათი დაბრუნება ადგილობრივ მოსახლეობაზე მიგრაციული ზეწოლის შემცირებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილე ემიგრანტების წარმოშობის ქვეყნების შემადგენლობა შეიცვალა. თუ წარსულში დაბრუნებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, ამჯერად მათ შორის იყვნენ სირიის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ეგვიპტის მოქალაქეებიც.
აეროპორტში გამგზავრების პროცესს საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი თანოს პლევრისი ესწრებოდა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მინისტრის თქმით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის შედეგად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელებული ნებაყოფლობითი დაბრუნებების რაოდენობა 54%-ით გაიზარდა. მისივე განცხადებით, საბერძნეთში დაბრუნების მაჩვენებელი იზრდება, ხოლო ქვეყანაში მიგრაციული ნაკადები მცირდება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ემიგრანტების დაბრუნების პროცესის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
