ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია
ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია
მასშტაბური თაღლითური სქემა, რომლის ფარგლებშიც ორი დამოუკიდებელი კრიმინალური დაჯგუფება საჯარო სექტორის თანამშრომლებს, მათ შორის პოლიციელებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს, საცხოვრებლის ყალბ ქვითრებს უმზადებდა. აღნიშნული ქვითრების საფუძველზე თანამშრომლები სახელმწიფოსგან იღებდნენ საცხოვრებლის ხარჯების ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ საცხოვრებლებში რეალურად არ ცხოვრობდნენ.
გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი დაჯგუფების მთავარი ფიგურები იყვნენ ბუღალტერი, მეტსახელად „მარკელა“, და პირი, სახელად „გიორგოსი“. ბრალდებულები საქმიანობას ილიუპოლში მდებარე ოფისიდან ეწეოდნენ, ასევე ჰქონდათ დამხმარე ოფისი მიტილინში და იტალიის ქალაქ ანკონაში რეგისტრირებული კომპანია. დაჯგუფებები უზრუნველყოფდნენ ყალბი ქვითრების დამზადებას, ბეჭდვას, დალუქვას, თანხების მიღებასა და დოკუმენტების საკურიერო კომპანიების მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგზავნას.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ბუღალტერ „მარკელასა“ და მისი დედის სატელეფონო საუბრები, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი მიღებული თანხებისა და კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების საკითხებს განიხილავდნენ. ერთ-ერთ საუბარში მარკელა დედას ეუბნება, რომ საკუთარი, სხვებისთვის უცნობი ფულიდან დიდი თანხის დახარჯვა მოუწია და დეკემბრის ბოლომდე ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები სარგებლობდნენ იმ გარემოებით, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უჭირდათ იმის გადამოწმება, ნამდვილად ცხოვრობდნენ თუ არა თანამშრომლები ქვითრებში მითითებულ საცხოვრებლებში. სანაცვლოდ, დაინტერესებული პირები თითოეულ დოკუმენტში 170-დან 250 ევრომდე თანხას იხდიდნენ, დღგ-ს დამატებით.
საგადასახადო ორგანოს (ΑΑΔΕ) მონაცემებით, პირველი დაჯგუფების მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით 173-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი იყო დაქირავებული ან ქვეიჯარით გაცემული. უძრავი ქონების მფლობელებს კი შეცდომაში შეჰყავდათ და არწმუნებდნენ, რომ არსებობდა შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროებთან ფორმიანი თანამშრომლების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
თუმცა გამოძიებალის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთი საცხოვრებელი საერთოდ არ იყო საცხოვრებლად ვარგისი, რადგან არ ჰქონდა ელექტროენერგია ან წყალი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში იჯარის ხელშეკრულებებიც ფიქტიური იყო. იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც თანამშრომლები რეალურად ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინებში, ქვითრებში მითითებული იყო სახელმწიფოს მიერ დასაშვები მაქსიმალური ანაზღაურების ოდენობა და არა რეალურად გადახდილი, გაცილებით დაბალი თანხა.
გამოძიება 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მიღებული ანონიმური საჩივრების საფუძველზე დაიწყო. საჩივრების მიხედვით, ზოგიერთი პოლიციელი ყალბი საცხოვრებლის ქვითრების გამოყენებით ყოველთვიურად 5 000 ევრომდე კომპენსაციას იღებდა.
საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 21 პირი, ხოლო კიდევ 1 325 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. დამატებით 85 შემთხვევა კვლავ გამოძიების პროცესშია.
საბერძნეთის სახელმწიფოსთვის მიყენებული საერთო ფინანსური ზიანი, წინასწარი შეფასებით, მინიმუმ 12 674 600 ევროს შეადგენს.
