საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს
საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს
ხანძრის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე, 15 სექტემბრამდე დაიწყება ეროზიის საწინააღმდეგო და პირველი წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე დასრულდა დამწვარი ტერიტორიების დეტალური რუკების მომზადება და განისაზღვრა აღდგენით სამუშაოებზე პასუხისმგებელი მხარე, პირეოსის ბანკი. ამ ეტაპზე მზადდება კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, დაზარალებული ტერიტორიების რა ნაწილშია აუცილებელი ჩარევა.
სამუშაოები მოიცავს ხის მორებისა და ტოტების დამცავი ბარიერების, ხის კონსტრუქციებისა და სხვა დამცავი ნაგებობების მოწყობას. მათი მთავარი მიზანია ნიადაგისა და ნარჩენი მასალების შეკავება და ძლიერი წვიმების დროს წყალდიდობის რისკის შემცირება როგორც დაზიანებულ, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე.
სამინისტროს განცხადებით, სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, ხოლო სამუშაოები შესაბამისი სატყეო სამსახურების ზედამხედველობით ჩატარდება.
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა სტავროს პაპასტავრუმ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ 6 აგვისტოს გაცემული დაპირება დასავლეთ ატიკაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ბუნებრივი გარემოს სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით უკვე შესრულების პროცესშია.
