საფრანგეთი: ძვირადღირებული იახტა, რომელზეც დიანამ ბოლო ზაფხული ალ ფაედთან ერთად გაატარა, ჩაიძირა
მსოფლიოში ცნობილი 25 მეტრიანი ძვირადღირებული იახტა, რომელზეც პრინცესა დიანამ ზაფხული იმდროინდელ პარტნიორ, დოდი ალ ფაიდთან ერთად გაატარა სამხრეთ საფრანგეთში, ჩაიძირა.
იახტა, სახელად Cujo, რომელიც ასევე ჰოლივუდის ცნობილი ადამიანების ფავორიტი იყო, ხმელთაშუა ზღვის ტალღების ქვეშ ჩაიძირა მას შემდეგ, რაც შაბათს საფრანგეთის რივიერაზე ჯერ კიდევ დაუდგენელ ობიექტს შეეჯახა.
Daily Mail-ის ცნობით, ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ იახტა მასში წყლის შედინების შემდეგ თითქმის 2500 მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა.
Cujo ინდური სიტყვაა და ნიშნავს “შეუჩერებელ ძალას”. დოდი ალ ფაიედმა დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი დახარჯა იახტის განახლებაზე. ეს მოხდა მანამ, სანამ ცნობილი წყვილი პარიზის ცენტრში, ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა.
Cujo აშენდა იტალიაში 1972 წელს, ბიზნესმენ ჯონ ფონ ნეუმანისთვის მას შემდეგ, რაც მან იტალიურ გემთმშენებელს Baglietto-ს უთხრა, რომ მას სურდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი იახტა ჰქონოდა. მასზე დამონტაჟდა ისეთი ძრავები, რომლებიც 42 კვანძის სიჩქარეს უზრუნველყოფდნენ.
პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ იახტამ დაკარგა პირვანდელი ბრწყინვალება. იგი 1999 წელს გაუქმდა და წლები გაატარა ნაოსნობის გარეშე, სანამ ახალი მფლობელი გამოუჩნდებოდა და განაახლებდა.
კადრი, რომელშიც პრინცესა იახტიდან ზღვას უყურებს, დიანას სიკვდილამდე გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფოტო იყო.
