საყოველთაო გაფიცვა ესპანეთში 14 წლის შემდეგ – ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები საცხოვრებელი კრიზისის გამო იმართება
საყოველთაო გაფიცვა ესპანეთში 14 წლის შემდეგ – ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები საცხოვრებელი კრიზისის გამო იმართება
ესპანეთში დასაქმებულები საყოველთაო გაფიცვას მართავენ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველია და ქვეყანაში საცხოვრებელი კრიზისის წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობას უკავშირდება. გაფიცვას მხარს უჭერენ ქვეყნის ორი უდიდესი პროფკავშირი UGT და CCOO, ასევე სხვა პროფკავშირული ორგანიზაციები და მოიჯარეთა ასოციაციები.
მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ქირის მკვეთრი ზრდისა და საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების შემთხვევების გახშირების გამო. მადრიდის მოიჯარეთა ასოციაციის წარმომადგენლის, ალისია დელ რიოს განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში საცხოვრებლის პოლიტიკა ძირეულად არ შეიცვლება და სახლები არა მცირე ჯგუფის შემოსავლის წყაროდ, არამედ ადამიანების საცხოვრებლად იქნება განკუთვნილი.
ესპანეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 750 ათასი საცხოვრებელი სახლის დეფიციტია, რამაც 2028 წლისთვის შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს. ქირის საშუალო ღირებულება კი თვეში 1 176 ევროს შეადგენს, რაც ესპანელი ახალგაზრდის საშუალო ყოველთვიური ხელფასის დაახლოებით 98,7%-ს უტოლდება.
პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვაში მონაწილეობამ პორტებსა და საავტომობილო ინდუსტრიაში 90%-ს მიაღწია. მუშაობა სრულად შეჩერდა Volkswagen-ისა და SEAT-ის ქარხნებშიც. ხორცის წარმოების სექტორში გაფიცვას თანამშრომელთა 85%, ნარჩენების გატანის სფეროში 82%, ხოლო ენერგეტიკის სექტორში 75% შეუერთდა.
გაფიცვას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელთა ერთ-ერთი მიზეზი მადრიდში 87 წლის ქალის საცხოვრებლიდან გამოსახლება და მოგვიანებით მისი გარდაცვალება გახდა.
საცხოვრებელი კრიზისის საკითხზე მთავრობის მიერ წარდგენილი მოიჯარეთა დაცვის კანონპროექტების პარლამენტში ჩავარდნისა და საპროტესტო ტალღის ფონზე, სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 29 ნოემბრისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
მთავრობა კრიზისში ძირითად პასუხისმგებლობას მემარჯვენე ოპოზიციას აკისრებს, თუმცა პროფკავშირებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებასაც ეკისრება.
სანჩესი იმედოვნებს, რომ საცხოვრებელი კრიზისით გამოწვეული საზოგადოების უკმაყოფილება მის პოლიტიკურ პოზიციებს გააძლიერებს.
