პაფოს: 51 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს
პაფოს: 51 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს
კვიპროსის პოლიციამ გამთენიისას 42 წლის ქალი და მისი 20 წლის შვილი დააკავა. დაკავება პაფოსის რაიონის სოფელ პეიაში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც ავტომობილში 51 წლის ბრიტანეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. კაცს ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ რაიონში იყო რეგისტრირებული, ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრეს. ის საცხოვრებელ სახლში თავის 42 წლის პარტნიორთან და ქალის 20 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა.
პოლიციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 20 წლის ბიჭმა დაკითხვისას აღიარა, რომ დედის პარტნიორს დანით ჭრილობა მან მიაყენა.
მისი ჩვენების თანახმად, ორშაბათს, საღამოს დედასა და 51 წლის მამაკაცს შორის მწვავე კამათს შეესწრო. მათთან მივიდა, დაინახა, რომ 51 წლის კაცი დედას ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგაც ჩარევა გადაწყვიტა.
20 წლის ბიჭსა და მის მამინაცვალს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ახალგაზრდის მტკიცებით, 51 წლის კაცი მისთვის დანის დარტყმასაც ცდილობდა, თუმცა მან იარაღის წართმევა მოახერხა და სწორედ ამ დროს დაჭრა.
დაჭრილი კაცი დედა-შვილმა ავტომობილში დატოვა. ჩვენებაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მათ კაცის საავადმყოფოში გადაყვანა სცადეს, თუმცა მალევე მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ გაჩერდნენ და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. საავადმყოფოში ბრალდებულის დედამ დარეკა და განაცხადა, რომ პეიაში, ვატუდიონას ქუჩაზე ავტომობილის წინა სავარძელზე დაჭრილი მამაკაცი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დედა-შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ დალოდებია და დაჭრილი კაცი მანქანაში მიატოვეს.
51 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაფოსის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
