წარმოადგენს თუ არა ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს დასაქმებულთათვის და რა ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფოები აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად
წარმოადგენს თუ არა ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს დასაქმებულთათვის და რა ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფოები აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად
საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაზღვევის სამინისტრომ საჯარო განხილვისთვის წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების გამოყენებას დაარეგულირებს და ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებულთა უფლებების დაცვას გააძლიერებს.
ახალი კანონპროექტის მთავარი მიზანია, შეიზღუდოს ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო გამოყენება, გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ მიიღებოდეს.
შრომის მინისტრის, ნიკი კერამეასის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინსტრუმენტია, თუმცა მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობასა და უსაფრთხოების გარანტიებს, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები.
კანონპროექტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების კონტროლი
პირველად განისაზღვრება შრომის ბაზარზე ალგორითმების გამოყენების კონკრეტული წესები. დამსაქმებლებსა და ციფრულ პლატფორმებს დაეკისრებათ ვალდებულება, დასაქმებულებს მიაწოდონ ინფორმაცია იმ კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მიიღება მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს დასაქმებულის შრომით მდგომარეობაზე, ადამიანის ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამასთან, გაძლიერდება დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა.
2. ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებულთა უფლებების გაძლიერება
კანონპროექტი ითვალისწინებს ციფრული პლატფორმების მეშვეობით მომუშავე პირების დასაქმების სტატუსის სწორად განსაზღვრას, რათა მათზე სათანადოდ გავრცელდეს შრომითი და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობა.
ასევე გაუმჯობესდება მომსახურების გამჭვირვალობა, გაძლიერდება შრომითი უფლებების დაცვისა და კონტროლის მექანიზმები და გამარტივდება სასამართლოსთვის მიმართვა. მიზანია, პლატფორმებზე დასაქმებულებს რეალურად ჰქონდეთ საკუთარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
