Latest news
იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე - იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზ...
პარასკევი, იანვარი 24, 2025
საბერძნეთიდღესასწაულები

12 დეკემბერი წმინდა სპირიდონის სახელობის დღე აღინიშნება

12 დეკემბერი წმინდა სპირიდონის სახელობის დღე აღინიშნება

წმინდა სპირიდონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წმინდანია მიწათმოქმედებისთვის.
თუ ვინ იყო წმინდა სპირიდონი და რა სასწაულები უკავშირდება მის სახელს უამრავი ადამიანისთვის დღემდე უცნობია. 

წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუნტის ეპისკოპოსი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახლ. 270 წელს გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონაზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა – იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა.

  • სასწაულები რომლებიც წმინდა სპირიდონის სახელთანაა დაკავშირებული:
    იმპერატორი კონსტანციუს II ანტიოქიაში ყოფნისას მძიმედ დაავადდა. მისი განკურნება ექიმებმა ვერ შეძლეს. იმპერატორმა ღამით სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. იმპერატორმა ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. გახარებულმა იმპერატორმა მთელი დღე წმ. სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო – როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.
  • ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ წმ. სპირიდონის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.
  • ერთხელ წმ. სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.
  • ერთხელ წმ. სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო და როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, ანგელოზებმა გალობით გააგრძელეს „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს.
  • ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. ერთ ღამესაც პატრიარქს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმ. სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *