საბერძნეთის იდუმალი და მისტიური ადგილები
საბერძნეთი მრავალი უცნაური ლეგენდის, ისტორიის, მისტიური ადგილის სამშობლოა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად ახსნილი და შესწავლილი და დღემდე თავსატეხს უჩენს მკვლევარებს.
ქვეყნის ტერიტორიაზე არის ადგილები, რომლებთანაც სხვადასხვა საიდუმლოებები თუ ლეგენდებია დაკავშირებული და მუდმივად იზიდავს როგორც მეცნიერებს, ასევე ცნობისმოყვარე მნახველებს.
ამ იდუმალი ადგილებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი მიმართულებები:
წმინდა თეოდორას ეკლესია

წმინდა თეოდორას ეკლესია პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. მის სახურავზე ამოსულია 30 მეტრამდე სიმაღლის ჩვიდმეტი ხე. ეკლესიაში შესვლისას ნახავთ,რომ ხეებს ფესვები არ აქვს.ისინი პირდაპირ სახურავზე ამოზრდილან და ერთი შეხედვით გეგონებათ,რომ სადაცაა ხეების სიმძიმისგან სახურავი ჩამოინგრევა,მაგრამ უკვე 10 საუკუნეა ყველანაირი ფიზიკური კანონების საწინააღმდეგოდ ეკლესია დგას.
ამ ამოუხსნელი ფენომენის გამო ეკლესია გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
ლეგენდის თანახმად საბერძნეთში ბიზანტიის ბატონობის დროს, ოჯახიდან ჯარში თუ ვინმე არ წავიდოდა, დიდძალი თანხის გადახდა ევალებოდა. ერთ-ერთ ოჯახს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა და არც ჯარიმის გადახდის საშუალება ჰქონდა.
უფროსმა ქალიშვილმა, 17 წლის თეოდორამ გადაწყვიტა ეხსნა ოჯახი და ბიჭის ფორმაში გამოწყობილი ჯარში წავიდა.
ერთ სოფლელ გოგონას ჯარისკაცი შეუყვარდა, მისგან გულგრილობის მიღების შემდეგ კი შურისძიება გადაწყვიტა და სხვისგან ორსულად დარჩენილმა ბავშვის მამად თეოდორა აღიარა.
თეოდორას არ შეეძლო თავის მართლება და თავისი საიდუმლოს გაცემა, ამიტომ დუმილი ამჯობინა, რისთვისაც სოფელმა ჩაქოლა.
სიკვდილის წინ მან ღმერთს სთხოვა მისი სხეული ტაძრად ექცია, თმები ხეებად, ხოლო სისხლი კი მდინარედ.
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ამ პატარა ეკლესიამ საუკუნეებს გაუძლო,ხოლო სახურავზე ამოსულ ხეებს, ისევე როგორც თმებს ფესვები არსად არ უჩანს.
მთა ტაიგეტის პირამიდა

ბუნების სასწაული, ადამიანის ხელი თუ უცნობი ცივილიზაციის ნახელავი? მდუმარე, იდუმალი,ჰარმონიული ტაიგეტის მთის პირამიდა დღემდე იდუმალებით არის მოცული.
ტაიგეტის ქედი პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომლის სიგრძეც დაახლოებით 75 კილომეტრია. ტაიგეტის აღმოსავლეთ მთისძირში მდებარეობს ქალაქ- სახელმწიფო სპარტა.
ქედის უმაღლესი მწვერვალია წინასწარმეტყველ ილიას მთა, რომელიც ასევე არის პელოპონესის უმაღლესი მწვერვალი, რომლის სიმაღლეც 2407 მეტრია.
ტაიგეტის მწვერვალთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორიები არსებობს, ზოგი ლოგიკური,ზოგი კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.
მისი საიდუმლოს ამოხსნას უშედეგოდ ცდილობდნენ როგორც არქეოლოგები და გეოლოგები, ასევე ფილოსოფოსები და მისტიკოსებიც კი.
გაურკვეველია, მთის მწვერვალი ბუნებრივი წარმოშობისაა თუ ხელოვნურად შექმნილი პირამიდა რადგან იგი წარმოადგენს სრულყოფილ ტოლფერდა სამკუთხედს, რომლის ფუძეც თითქოს ხელოვნურად არის მოსწორებული.
პირამიდის გვერდები იმდენად იდეალურად გლუვია რომ საფუძვლიანად შეიძლება დაეჭვება მის ბუნებრივ წარმოშობაზე.
მიუხედავად მისი ბუნებრიობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი თეორიებისა ბევრს სჯერა ,რომ ეს უძველესი ადგილი მოცულია უცნაური ზებუნებრივი ენერგიით. მისტიკოსები ამტკიცებენ,რომ ტაიგეტის გეოპირამიდა არის ერთ-ერთი კარიბჭე, რომლის მეშვეობითაც სამყაროდან ღვთაებრივი ენერგია შემოედინება.
დაველის მღვიმე

ეს არის ალბათ ყველაზე ცნობილი მეტაფიზიკური ადგილი საბერძნეთში, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადარჩა თავის ლეგენდებთან და მისტერიებთან ერთად.
მღვიმე წარმოადგენს რთული მიწისქვეშა ქსელის ნაწილს, რომელიც ერთმანეთთან აერთიანებდა ბევრ გამოქვაბულს და ასოცირდებოდა რაღაც გამოუცნობ სულიერ ძალასთან, რომელსაც ხალხი ძალაუნებურად თაყვანს სცემდა.
თავად გამოქვაბულს სახელი ეწოდა მე-19 საუკუნის ლეგენდარული ყაჩაღის, სახელად დაველის პატივსაცემად, რომელიც გადმოცემის თანახმად ამ გამოქვაბულში აფარებდა თავს.
მისმა იდუმალმა ისტორიამ მღვიმე პოპულარულ ადგილად აქცია მათთვის ვინც ეძებს იდუმალ ადგილებს საბერძნეთში.
ადამიანები ყვებიან გამოქვაბულში უცნაური სანახაობების, ხმების და საიდუმლო მიწისქვეშა ოთახების არსებობის შესახებ.
გამოქვაბული ათენის მახლობლად ერთ- ერთ მთაზე მდებარეობს.
იდუმალი აჰერონი

აჰერონი არის მდინარე ეპიროსში, ჩრდილო- დასავლეთ საბერძნეთში.
აჰერონის განსაცვიფრებელი, ქვიშიანი სანაპირო ბნელ წარსულს მალავს, რადგან ის შემზარავი მიწისქვეშა სამეფოს ღმერთის, ჰადესის სამფლობელოში შესასვლელად ითვლება.
ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ახლობლები ამ მდინარით გადაიყვანეს ჰადესში შესასვლელად, ამიტომ ეს ადგილი იქცა მათთვის მიცვალებულებთან ერთგვარ მაკავშირებელ რგოლად.
მნახველები დღესაც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ბუნებრივი მომხიბვლელობისა, ამ ადგილს უცნაური, ბნელი ენერგია აქვს, მისი მითოლოგიური წარსულის გამო.
ასკლეპიონი ეპიდავროსში

ძველი საბერძნეთის თეატრებიდან ერთ-ერთი საუკეთესო, ეპიდავროსის თეატრი მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსისადმი იყო მიძღვნილი და ძველ დროში სამკურნალო საკურთხევლის ფუნქციასაც ასრულებდა.
ასკლეპიოსი მკურნალობის ღვთაება იყო. მის სახელზე აგებულ ტაძრებს და სამკურნალო ცენტრებს ეწოდათ ასკლეპიონები.
აქ გამოიყენეს პირველად კვერთხზე გარსშემოხვეული გველი, როგორც მედიცინის სიმბოლო.
ფიქრობენ, რომ ამ ადგილს ერთგვარ მისტიურობას და იდუმალებას ანიჭებს გადმოცემა, რომლის თანახმადაც სამკურნალო პრაქტიკაში გამოიყენებოდა ტაძარში ძილი, რა დროსაც უამრავი გველი დასრიალებდა მძინარე ადამიანების სხეულზე.
ასკლეპიონი ეპიდავრუსში არის ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო ტაძარი, რომელიც დღემდე შემორჩენილია.
ანტიკურ ხანაში მთელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან მიდიოდნენ ეპიდავრუსში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ტაძარი ერთგვარი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო რომელიც მოიცავდა სასტუმრო სახლებს, გიმნაზიას, სტადიონს და ცნობილ თეატრს, რომელიც სულის ამაღლებას ემსახურებოდა.
