პიკასოს ნახატი სოთბის აუქციონზე 138 მილიონ დოლარად გაიყიდა
პაბლო პიკასოს ნახატი Femme a la montre (“ქალი საათით”), რომელიც მან 1932 წლის აგვისტოში დახატა, ნიუ-იორკში სოთბის აუქციონზე 139,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის მეორე ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე გადაიხადეს მხატვრის ნახატში, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ გარდაიცვალა.
ზეთით შესრულებულ ნახატზე (ზომები 130 x 97 სმ) გამოსახულია ესპანელი მხატვრის ერთ-ერთი მუზა, ფრანგი მხატვარი მარი-ტერეზა ვალტერი. როგორც სოთბიმ აღნიშნა, ნახატის ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
ნახატი ეკუთვნოდა მდიდარ ნიუ-იორკელ კოლექციონერს ემილი ფიშერ ლანდაუს, რომელიც წელს გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. ნახატი ეკიდა გარდაცვლილის მანჰეტენის ბინის მისაღებში, განაცხადა აუქციონის სახლმა, რომელიც ელოდება, რომ ლანდაუს კოლექციის გაყიდვები ჯამში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ პაბლო პიკასოს ნახატში, იყო 179,4 მილიონი დოლარი Les femmes d’Alger – Version O-სთვის, რომელიც მან შექმნა 1955 წელს.”ალჟირელი ქალები” 2015 წელს გაიყიდა ყველაზე მაღალ ფასად, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ხელოვნების ნიმუშში.
თუმცა, ეს რეკორდი მოხსნა 450 მილიონმა დოლარმა, რომელიც გადაიხადეს 2017 წელს Salvator Mundi-ის ზეთის ნახატში, რომელიც მიეწერებოდა ლეონარდო და ვინჩის.
უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების, ინფლაციის, კრიზისისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე ხელოვნების საერთაშორისო ბაზარი აგრძელებს შესანიშნავად ფუნქციონირებას. ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი სახლების მიერ ორგანიზებული აუქციონების შემოდგომის სეზონი გუშინ სამშაბათს დაიწყო და მილიარდობით დოლარის გაყიდვაა მოსალოდნელი მხოლოდ ამ კვირაში, რადგან პიკასოს სხვა ნამუშევრებიც იყიდება.
