საბერძნეთის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას კარდიოქირურგის წინააღმდეგ, რომელსაც 15 არასრულწლოვანი პაციენტის გარდაცვალებაში ედება ბრალი
პოლიციის დაკვირვების ქვეშ იმყოფება ბერძენი კარდიოქირურგი, რომელსაც მის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს გარდაცვლილი 15 არასრულწლოვანის სიკვდილში ედება ბრალი, ხოლო გარდაცვლილი პაციენტების მშობლები და ოჯახის წევრები მას როგორც ცრუ მესიას მოიხსენიებენ.
ბრალდებული ქირურგი ოპერაციებს ორ საავადმყოფოში ატარებდა, რომელთაგან ერთი კერძოა.
ეს არის შემთხვევა რომელიც, თუ დადასტურდება, ჯანდაცვის სექტორში სერიოზულ რყევებს გამოიწვევს, რადგან საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლები განსაკუთრებული ყურადღებით იძიებენ ბოლო წლებში გულის პრობლემებით გარდაცვლილი 15 ბავშვის მშობლების საჩივრებს.
მშობლები მათი შვილების სიკვდილში პირდაპირ ადანაშაულებენ კარდიოქირურგს, რომელმაც მათ შვილებს გულის ოპერაცია გაუკეთა და რომელიც ამჟამად აქტიურ პრაქტიკას ჩამოშორებულია.
აღნიშნული საქმით ჯანდაცვის სამინისტროც იყო დაინტერესებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით 2023 წლის დასაწყისში რატომღაც ყურადღების მიღმა დატოვეს.
აღელვებული მშობლები პოლიციასა და სასამართლოსადმი წარდგენილ წერილში აცხადებენ, რომ ამ კლინიკებში ჩატარებული დაახლოებით 70 ქირურგიული ჩარევის შედეგად ბავშვების 20% გარდაიცვალა და კიდევ ბევრი ოპერაციის შემდეგ გონს ვერ მოვიდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ბოლო პერიოდში ექიმების, კერძო პირების, გარდაცვლილი ბავშვების ნათესავების და სხვათა ჩვენებები გადაეცა საბერძნეთის პოლიციის სამსახურს კონკრეტული საქმის ასპექტების გამოსაძიებლად, ხოლო ცენტრალური სახელმწიფო და სამთავრობო უწყებები ინფორმირებულნი არიან საქმეში არსებული დეტალების შესახებ.
ამ საპოლიციო და სასამართლო გამოძიების საფუძველი იყო წერილობითი საჩივარი, რომელიც გაგზავნილი იქნა გულ-სისხლძარღვთა ბავშვთა ასოციაციებისთვის 2021 წელს.
ამ წერილში წარმოდგენილი იყო მკაფიო ცნობები და ბრალდებები ექიმის არასწორი ქმედების გამო 15 ბავშვის გაუმართლებელი სიკვდილის შესახებ, მაშინ როცა გამოცდილი კარდიოქირურგები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების სამედიცინო მენეჯმენტისთვის ასეთი ოპერაციების დასაშვები სიკვდილიანობა ევროპაში 2%-4%-ს შეადგენს.
როგორც მშობლები აცხადებენ ამ კლინიკებში მათ შვილებზე ფაქტიურად ექსპერიმენტული ოპერაციები ტარდებოდა, ხოლო ლეტალური შედეგების მიზეზად კი ქირურგი აპარატურის გაუმართაობას , არაკვალიფიციურ დამხმარე პერსონალს, ზოგჯერ კი არასწორად შერჩეულ მედიკამენტებს ასახელებდა.
