ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა ოთხმა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა?
ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ამაზონის ჯუნგლებში 40 დღის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ მაშველები ერთ თვეზე მეტხანს ეძებდნენ, ბოლოს კი ოთხივე უვნებელი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დედა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ჯუნგლებში მაშველებთან ერთად ექიმებიც იმყოფებოდნენ და მათი თქმით, ბავშვები სუსტად არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გადარჩენილთაგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, პატარა კი — 11 თვის. მაშველების თქმით, ამაზონის ჯუნგლებში ბავშვებს პირველ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ.
“ბოლოს ისინი ძალიან სუსტად იყვნენ და მათი პოვნა უმცროსი ბავშვის ტირილის ხმის გაგებით შევძელით. ბავშვები ძალიან დაღლილები იყვნენ და ისე აღარ შეეძლოთ მოძრაობა, როგორც დაკარგვიდან 1-2 კვირის განმავლობაში”, — განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.
ბავშვების გადარჩენის დღეს გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ისინი როგორი დასუსტებულები არიან ჯუნგლებში რამდენიმეკვირიანი ხეტიალით. ბავშვების ბიძის თქმით პატარები თავის გადასარჩენად თავიანთ ცოდნას იყენებდნენ, მაგალითად არჩვედნენ, – რომელი ხილი იყო საკვებად გამოსადეგი და რომელი – არა.
ბავშვები ვერტმფრენით პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა გაჩერდებიან. მაშველთა გუნდის თქმით, ისინი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ამან ბევრი დააეჭვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა მათი უფრო ადრე პოვნა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდაპირველად, პატარები ბუჩქებში განზრახ ემალებოდნენ მაშველებს, რადგან შეშინებულები იყვნენ. მათ პოვნაში დიდი როლი სამხედრო მაშველმა ძაღლმა – უილსონმა ითამაშა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ დაიკარგა.
ბავშვების თქმით, ჯუნგლებში ხეტიალისას, მათ გარკვეული დრო დაჰყვეს უილსონთან ერთად… სწორედ უილსონის დატოვებულმა კვალმა აპოვნინა ოთხივე ბავშვი მაშველებს. ახლა ისინი გმირი ძაღლის პოვნას ცდილობენ:
“ოპერაცია არ დასრულდება, ვიდრე უილსონს არ ვიპოვით”, – წერია არმიის ოფიციალური “ტვიტერის” პოსტში.
