რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს
რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს
სოც.მედიაში ხშირად ვხვდებით ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, თვლიან, რომ აღნიშნული არა ადამიანების კეთილდღეობას, არამედ ფარული მიზნების განხორციელებას ემსახურება როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და უნდობლობას უცხადებენ როგორც მეცნიერებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვაზე პასუხისმგებელ პირებს. არსებული მდგომარეობა შეგვიძლია მსოფლიოში ამჟამად განვითარებულ მდგომარეობას მივაწეროთ და ვთქვათ, რომ ხალხმა პასუხისმგებელი ორგანოების მიმართ ნდობა სწორედ ამიტომ დაკარგა. თუმცა იცით თუ არა, რომ აღნიშნული უნდობლობის ფენომენი საზოგადოებისთვის უცხო სრულიად არ არის და მსგავსი რეაქცია სიახლეებისადმი ყოველთვის არსებობდა.
გავიხსენოთ ასპირინის ისტორია, რომლის დანერგვის მცდელობასაც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა. შიში სიახლის მიმართ არის უნდობლობისა და სკეპტიციზმის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი. როდესაც “ბაიერმა” (Bayer) ასპირინი ბაზარზე გაიტანა (1899 წ.), ხალხს ეჭვი შეეპარა მის უსაფრთხოებაში, რადგან ის ტრადიციული, ბუნებრივი ტირიფის ქერქის ნაცვლად, ქიმიურად სინთეზირებული ნივთიერება იყო. თავდაპირველად ბევრი ექიმი სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალი “საოცარი წამლის” მიმართ და კლასიკური მეთოდებით მკურნალობას ამჯობინებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის არსებობდა წინააღმდეგობა კონკურენტებისგან მოგების დაკარგვის საფრთხის გამო, ბუნებრივი წამლების მწარმოებლები და ზოგიერთი აფთიაქარი ებრძოდა ახალ ქიმიურ პრეპარატს. თუმცა კონკურენტების მოქმედების არეალი შეზღუდული იყო, რადგან მე-20 საუკუნეში არ არსებობდა სოციალური მედია, რომელიც ცრუ ინფორმაციას წამებში ავრცელებს. ასპირინის მიმართ უნდობლობა უფრო ლოკალური და ნელი პროცესი იყო, მაშინ როცა სხვადასხვა ვირუსების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანია გლობალური და მყისიერია. თუმცა შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში ასპირინმა აჩვენა ახალა უკვე ეჭვგარეშე პოზიტიურია.
გავიკეთებთ თუ არა აცრას პირადი არჩევანია, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ არ უნდა დავივიწყოთ დაავადებების გრძელი სია, რომელთა ხშირ შემთხვევაში გაქრობას, ან პრევენციას სწორედ ვაქცინაციამ შეუწყო ხელი. ვაქცინაციის დამსახურებაა რომ აღარ ვიხოცებით ჩუტყვავილასგან და წითელასგან.
ის ადამიანები, რომლებიც ახლა ასე აქტიურად ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას და მიზეზად არაერთ კონსპირაციულ თეორიას ასახელებენ საბჭოთა კავშირის დროს აცრილები არიან ტუბერკულიოზის, წითელას, ყვავილის წინააღმდეგ. დაავადებების, რომლებიც ისეთივე საფრთხის შემცველი იყო ჩვენი სიცოცხლისთვის, როგორც კორონა ვირუსი და ა.შ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების წინააღმდეგ აცრის გაკეთება სულაც არ იყო ინდივიდუალური არჩევანი, არამედ მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო პოლიტიკა. იმ დროისთვის ვაქცინაცია წარმოდგენილი იყო როგორც “სოციალისტური ჯანდაცვის” მონაპოვარი და მოქალაქეობრივი ვალდებულება. ტუბერკულიოზის პრევენციისთვის ვაქცინაცია მასობრივად 1948 წლიდან დაიწყო. ჩვილები სამშობიაროშივე იცრებოდნენ, რაც დღემდე შენარჩუნებული პრაქტიკაა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი წყდება, რაც იცავს მათაც, ვისაც ვაქცინაცია ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია.
დღეისათვის არსებობს სულ მცირე 20 დაავადებისგან დამცავი ვაქცინა, მათ შორის არის ისეთი დაავადებები, როგორიც არის დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, გრიპი და წითელა. საერთო ჯამში, ეს ვაქცინები წელიწადში 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
ვაქცინები მრავალი სხვადასხვა დაავადებისგან გვიცავს. მათ შორის არის:
– საშვილოსნოს ყელის კიბო
– ქოლერა
– დიფტერია
– B ჰეპატიტი
– გრიპი
– იაპონური ენცეფალიტი
– წითელა
– მენინგიტი
– ყბაყურა
– ყივანახველა
– პნევმონია
– პოლიო
– ცოფი
– როტავირუსი
– წითურა
– ტეტანუსი
– მუცლის ტიფი
– ჩუტყვავილა
– ყვითელი ცხელება
თუ გრძნობთ, რომ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება პირველ რიგში ეცადეთ იპოვოთ ექიმი, რომელსაც ენდობით და სწორედ ამ ნაბიჯით დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობამ და თვითდიაგნოზირებამ ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
მაგრამ სანამ მტკიცედ ჩამოაყალიბებთ პოზიციას, რომ ვაქცინაცია საზოგადოების მტერია დაუსვით საკუთარ თავს კითხვა რატომ არის კორონა ვირუსი ხელოვნურად შექმნილი ადამინების სიცოცხლის მოსასპობად და რატომ არ შედის ამ კატეგორიაში ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც ეჭვის მიტანის გარეშე აიცერით?
Facebook Comments Box
