Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ შეჩერდა საბერძნეთში საგზაო კამერების პროექტი 

რატომ შეჩერდა საბერძნეთში საგზაო კამერების პროექტი 

საბერძნეთის საგზაო პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ციფრული პროექტი მანამ გაუქმდა, სანამ ტენდერში პირველი ოფიციალური შეთავაზებაც კი შევიდოდა. პროექტი ითვალისწინებდა დაახლოებით 1000 თანამედროვე კამერის დამონტაჟებას, რომელიც ავტომატურად დააფიქსირებდა საგზაო წესების დარღვევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამერები დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ერთიან ეროვნულ ციფრულ სისტემასთან, რომელიც პოლიციასა და სახელმწიფო სერვისებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სისტემის მთავარი მიზანი იყო ჯარიმების ავტომატური გაცემის უზრუნველყოფა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე. მოქალაქეები შეტყობინებებს მიიღებდნენ მხოლოდ სახელმწიფო ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

კამერები დააფიქსირებდნენ:

  • წითელ შუქზე გავლას,
  • სიჩქარის გადაჭარბებას,
  • ავტობუსის ან ავარიული ზოლის გადაკვეთას,
  • უსაფრთხოების ღვედისა და ჩაფხუტის არგამოყენებას,
  • მანქანის მართვის დროს მობილურის გამოყენებას,
  • უკანონო პარკირებას,
  • სანომრე ნიშნების გაყალბებას.

პროექტის საწყისი ღირებულება 44 მილიონი ევრო იყო, თუმცა დამატებითი ხარჯების ჩათვლით თანხა 88 მილიონ ევროს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდებოდა, სისტემის დაფინანსება თავად ჯარიმებიდან მიღებული თანხებით იგეგმებოდა.

ტენდერი 2026 წლის აპრილში გამოცხადდა, მაგრამ მალევე რამდენიმე კომპანიამ საჩივარი შეიტანა. მათი განცხადებით, ტექნიკური მოთხოვნები იმდენად კონკრეტული და შეზღუდული იყო, რომ კონკურენციას პრაქტიკულად გამორიცხავდა და კონკრეტულ უცხოურ ტექნოლოგიებზე იყო მორგებული. კომპანიებმა ასევე გააკრიტიკეს ბუნდოვანი და ურთიერთწინააღმდეგობაში მყოფი პირობები.

საბოლოოდ, სამინისტრომ ტენდერი გააუქმა და განაცხადა, რომ პირობებს გადაამუშავებს და ახალ საერთაშორისო კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელება ვერ მოხდა, მცირე მასშტაბით საპილოტე პროგრამით დამონტაჟებული კამერები უკვე მოქმედებენ. რამდენიმე კამერა უკვე მუშაობს და მოქალაქეებს პირველი ჯარიმებიც გაეგზავნათ სახელმწიფო ციფრული პლატფორმების საშუალებით. ყველაზე ხშირი დარღვევებია: წითელ შუქზე გავლა და მოტოციკლისტების მიერ ჩაფხუტის არ გამოყენება.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საბერძნეთში დიდი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებისთვის მხოლოდ ტენდერის გამოცხადება საკმარისი არ არის, აუცილებელია სამართლებრივად გამართული და გამჭვირვალე პროცედურებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *