Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი

კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი

მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა კუნძულ კრეტას ძლიერმა წვიმისა და შტორის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეთიმნოსა და ირაკლიოს რეგიონებში, მათ შორის მილოპოტამოსის მუნიციპალიტეტში. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია გზები და ინფრასტრუქტურა, რამდენიმე დასახლებას კი ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ყველაზე რთული ვითარება ზონიანაში, ლივადია, აქსოსა და ანოღიაში შეიქმნა. ზონიანაში წყალი სახლებში შევიდა და მნიშვნელოვნად დააზიანა უძრავი ქონება. მილოპოტამოსში ძლიერი წვიმის შედეგად ხიდი ჩამოინგრა, რის გამოც გზაზე დიდი ღრმული წარმოიქმნა. შემთხვევის დროს ხიდზე ავტომობილი გადაადგილდებოდა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მილოპოტამოსის მერის, გიორგოს კლადოსის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი მასშტაბის სტიქია ბოლოს 1986 წელს იყო. მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

სტიქიამ ელექტროენერგიის მიწოდებაზეც იმოქმედა. ზონიანაში, ანოღიაში, აქსოსა და ლივადიში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ზოგიერთ ადგილზე კი ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა. გზებზე დაგროვილი ნაშალი მასალისა და მეწყრული პროცესების გამო რამდენიმე მიმართულებით გადაადგილება გართულებული ან სრულიად შეზღუდულია.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 112-ის გაფრთხილებები გაიგზავნა რეთიმნოს, ირაკლიოს და აგიოს ნიკოლაოსის რაიონებში. ირაკლიოს მუნიციპალიტეტის მალადესისა და ფინიკიას რაიონებში მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. კრეტას ხელისუფლებამ ასევე დროებით აკრძალა ხეობებში, საფეხმავლო და სამთო ბილიკებზე, მათ შორის E4-ის მარშრუტზე გადაადგილება მეწყერის, ქვათაცვენისა და წყალდიდობის მაღალი რისკის გამო. შეზღუდვა 2026 წლის 4 ოქტომბრამდე დარჩება ძალაში.

უამინდობამ პრობლემები შექმნა საზღვაო მიმოსვლაზეც. ძლიერი, 8–9 ბოფორის სიმძლავრის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარების გამო დროებით შეიცვალა ან გაუქმდა გარკვეული რეისები რაფინასა და ლავრიონის პორტებიდან. მგზავრებს რეკომენდაცია ეძლევათ, გამგზავრებამდე გადაამოწმონ შესაბამისი რეისების სტატუსი.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კრეტაზე ძლიერი წვიმა და ელჭექი პერიოდულად  4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ეგეოსის ზღვაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

ადგილობრივი ხელისუფლება და სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონებში მუშაობას აგრძელებენ და გზების გაწმენდასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *