საბერძნეთის სახელმწიფო გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების რაოდენობის გასაზრდელად იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
საბერძნეთის სახელმწიფო გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების რაოდენობის გასაზრდელად იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი და იელი გარემოსდაცვით მეცნიერებებსა და გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დაწყება დააანონსეს.
პროგრამა, სახელწოდებით „Environmental Sciences and Global Public Health“, სტუდენტებს ორ დამოუკიდებელ სამაგისტრო დიპლომს მიანიჭებს: ერთს ათენის უნივერსიტეტისგან და მეორეს იელის უნივერსიტეტისგან.
პროგრამა ეფუძნება „One Health“ (ერთიანი ჯანმრთელობის) კონცეფციას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ეკოსისტემების ურთიერთკავშირს განიხილავს. მისი მიზანია ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების, პანდემიებისა და სხვა გლობალური გამოწვევების მართვას შეძლებენ.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ ხუთ საუკეთესო კურსდამთავრებულს იელის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება სტიპენდიით.
საბერძნეთის განათლების მინისტრმა, სოფია ზახარაკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ბერძნული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პროექტის ორგანიზატორების შეფასებით, ახალი პროგრამა საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ინიციატივად იქცევა გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
