7 წლის პატრიცია მოლდოვაში ბრუნდება
7 წლის პატრიცია მოლდოვაში ბრუნდება
7 წლის პატრიცია სირბუ, რომელმაც საბერძნეთში, კერძოდ ჰაკლიდიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მშობლები და 6 თვის და დაკარგა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დაბრუნდება.
პატრიცია მკურნალობას სალონიკის საავადმყოფოში გადიოდა. მისი მოლდოვაში გადაყვანა 14 აგვისტოს, სასწრაფო დახმარების მანქანით იგეგმება, რომელიც მოლდოვიდან სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდა. ბავშვს გზაში ოთხი ექიმისგან შემდგარი სამედიცინო გუნდი გაუწევს მეთვალყურეობას.
მოლდოვის საკონსულომ სალონიკში მადლობა გადაუხადა „პაპაღეორღიუს“ საავადმყოფოს ექიმებს, ექთნებსა და მთელ სამედიცინო პერსონალს პატრიციას მკურნალობის პერიოდში გამოჩენილი პროფესიონალიზმის, მზრუნველობისა და ადამიანური მხარდაჭერისთვის. საკონსულომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა და მის გვერდით მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია დადგა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. ოჯახი ჰალკიდიკზე დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც მათი ავტომობილი სატვირთო ცისტერნას შეეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ 28 წლის დედა და 6 თვის ჩვილი, ხოლო 35 წლის მამა რამდენიმე საათის შემდეგ პოლიღიროსის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
7 წლის პატრიცია მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეც იყო შეერთებული და ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი კვლავ „პაპაღეორღიუს“ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მკურნალობა გააგრძელა.
პატრიციას დეიდა მთელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში მის გვერდით იმყოფებოდა და უკვე გამოთქვა სურვილი, რომ გოგონას თავად მოუაროს და მისი აღზრდა საკუთარ თავზე აიღოს.
ახლა პატარა პატრიცია მოლდოვაში დაბრუნდება, სადაც მკურნალობასა და რეაბილიტაციას ოჯახთან ახლოს გააგრძელებს.
