15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია – გამოცხადდა წითელი კოდი
15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია – გამოცხადდა წითელი კოდი
საბერძნეთში, 15 აგვისტოს, ძლიერი ქარის გამო ტყის ხანძრების გაჩენისა და გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქალაქო დაცვის სამსახურმა რამდენიმე რეგიონში Red Code, ანუ უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ატიკის რეგიონს, კუნძული კითირას ჩათვლით, ასევე პელოპონისის რეგიონში მდებარე კორინთიის, არღოლიდასა და ლაკონიის ოლქებს.
მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იქნება დასავლეთ საბერძნეთის ახაიისა და ილიას რეგიონები, ცენტრალური საბერძნეთის ვიოტიის, ფთიოტიდისა და ევიას ოლქები, მათ შორის სკიროსის კუნძული, ასევე თესალიის სპორადების რეგიონი.
Red Code ასევე გავრცელდება ჩრდილოეთ ეგეოსის, სამხრეთ ეგეოსისა და კრეტის რეგიონებზე. ცენტრალურ მაკედონიაში განსაკუთრებული მზადყოფნა გამოცხადებულია ხალკიდიკისა და ათონის მთის ტერიტორიებზე.
აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში მაღალი ხანძარსაშიშროების ზონაში შედის კავალა, თასოსი, ქსანთი, როდოპი და ევროსი, მათ შორის სამოთრაკის კუნძული.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხანძრის საშიშროება შეფასებულია მე-4 კატეგორიად, ძალიან მაღალ საფრთხედ.

Red Code-ის რეჟიმი გულისხმობს სახელმწიფო მექანიზმების სრულ მობილიზებას, დამატებითი ადამიანური რესურსის, ტექნიკისა და საჭირო საშუალებების მზადყოფნაში მოყვანას. პარალელურად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონულ ხელისუფლებას დაევალა საგანგებო საკოორდინაციო ორგანოების დაუყოვნებლივ შეკრება და ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო შედეგების მართვისთვის საჭირო ზომების მიღება.
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, 15 აგვისტოს განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ და მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს. ძლიერი ქარის პირობებში ცეცხლი შესაძლოა ძალიან სწრაფად გავრცელდეს.
