ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს
ილიას კასიდიარისმა დღეს დილით ციხე დატოვა. მან სასჯელი მოიხადა მას შემდეგ, რაც სასამართლომ კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის, ე.წ ულტრამემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადის“ (Χρυσή Αυγή), გაასამართლა.
ციხის დატოვებისას კასიდიარისს ხელში საბერძნეთის დროშა ეჭირა. ციხის კედლებს გარეთ მას ათობით მხარდამჭერი ელოდებოდა. გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში და „ეროვნული ბრძოლების პირველ ხაზზე“ დაბრუნებას გეგმავს:
„ვბრუნდები და მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად არის ძლიერი ეროვნული პარტია, ისეთი, როგორიც მთელ ევროპაში დომინირებს“, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისი მიზანია საბერძნეთის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.
კასიდიარისი საბერძნეთის რადიკალური მემარჯვენე და მკვეთრად ანტიემიგრაციული პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. ის წლების განმავლობაში „ოქროს განთიადის“ წამყვანი წევრი იყო. 2020 წელს ათენის სასამართლომ პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ხოლო არაერთი ყოფილი დეპუტატი თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე ასევე განიხილებოდა ემიგრანტებზე თავდასხმები და ანტიფაშისტი მუსიკოსის პავლოს ფისასის მკვლელობა.
კასიდიარისის წარსული განცხადებები და პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებით პრობლემურია ემიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის. Amnesty International-ის დოკუმენტებში „ოქროს განთიადის“ საქმიანობა აღწერილია როგორც აგრესიულად ანტიემიგრაციული და რასისტული, ხოლო ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს უკავშირებენ ემიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს.
ამიტომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ემიგრანტების, იძულებით გადაადგილებული პირების ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან. თუმცა მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საფრთხე კონკრეტული პირისგან ან ჯგუფისგან მომდინარე უშუალო ფიზიკური საფრთხისგან: კასიდიარისის გათავისუფლება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ემიგრანტებისთვის ძალადობის რისკი ავტომატურად გაიზარდა.
მისი დღევანდელი განცხადებები კი ცხადყოფს, რომ ის კვლავ აპირებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის გაძლიერებას.
