თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს
თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს
საბერძნეთში, კუნძულ თასოსზე 16 წლის ფეხბურთელის, ჯანა ალანის გარდაცვალების საქმეზე შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კვირას, პანაღიას მოედანზე გამართული მატჩის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს 16 წლის ფეხბურთელმა წონასწორობა დაკარგა და მოედნის კიდესთან თავის უკანა ნაწილი მოედნის ღობეს დაარტყა. სპორტსმენმა გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კავალას საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 27 სექტემბრიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად სამშაბათს 29 სექტემბერს გარდაიცვალა.
გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახლა სტადიონის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმებაა. პოლიცია და კავალას პროკურატურა ადგენენ, აკმაყოფილებდა თუ არა მოედანი უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს, განსაკუთრებით იმ საკითხს, თუ რა მანძილით იყო მოედნის ხაზებიდან დაშორებული მოედნის ღობე და სხვა მყარი კონსტრუქციები.
ასევე მოწმდება მოედნის ლიცენზირება. გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ შემთხვევის თვითმხილველებსა და იმ პირებსაც, რომლებიც სპორტული ობიექტის ფუნქციონირებასა და მატჩის ორგანიზებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
საქმისთვის მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნება პროკურორს, რომელიც შეაფასებს, იკვეთება თუ არა შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
