კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი
კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი
მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა კუნძულ კრეტას ძლიერმა წვიმისა და შტორის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეთიმნოსა და ირაკლიოს რეგიონებში, მათ შორის მილოპოტამოსის მუნიციპალიტეტში. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია გზები და ინფრასტრუქტურა, რამდენიმე დასახლებას კი ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.
ყველაზე რთული ვითარება ზონიანაში, ლივადია, აქსოსა და ანოღიაში შეიქმნა. ზონიანაში წყალი სახლებში შევიდა და მნიშვნელოვნად დააზიანა უძრავი ქონება. მილოპოტამოსში ძლიერი წვიმის შედეგად ხიდი ჩამოინგრა, რის გამოც გზაზე დიდი ღრმული წარმოიქმნა. შემთხვევის დროს ხიდზე ავტომობილი გადაადგილდებოდა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მილოპოტამოსის მერის, გიორგოს კლადოსის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი მასშტაბის სტიქია ბოლოს 1986 წელს იყო. მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.
სტიქიამ ელექტროენერგიის მიწოდებაზეც იმოქმედა. ზონიანაში, ანოღიაში, აქსოსა და ლივადიში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ზოგიერთ ადგილზე კი ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა. გზებზე დაგროვილი ნაშალი მასალისა და მეწყრული პროცესების გამო რამდენიმე მიმართულებით გადაადგილება გართულებული ან სრულიად შეზღუდულია.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 112-ის გაფრთხილებები გაიგზავნა რეთიმნოს, ირაკლიოს და აგიოს ნიკოლაოსის რაიონებში. ირაკლიოს მუნიციპალიტეტის მალადესისა და ფინიკიას რაიონებში მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. კრეტას ხელისუფლებამ ასევე დროებით აკრძალა ხეობებში, საფეხმავლო და სამთო ბილიკებზე, მათ შორის E4-ის მარშრუტზე გადაადგილება მეწყერის, ქვათაცვენისა და წყალდიდობის მაღალი რისკის გამო. შეზღუდვა 2026 წლის 4 ოქტომბრამდე დარჩება ძალაში.
უამინდობამ პრობლემები შექმნა საზღვაო მიმოსვლაზეც. ძლიერი, 8–9 ბოფორის სიმძლავრის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარების გამო დროებით შეიცვალა ან გაუქმდა გარკვეული რეისები რაფინასა და ლავრიონის პორტებიდან. მგზავრებს რეკომენდაცია ეძლევათ, გამგზავრებამდე გადაამოწმონ შესაბამისი რეისების სტატუსი.
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კრეტაზე ძლიერი წვიმა და ელჭექი პერიოდულად 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ეგეოსის ზღვაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი.
ადგილობრივი ხელისუფლება და სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონებში მუშაობას აგრძელებენ და გზების გაწმენდასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობენ.
