რატომ არის მნიშვნელოვანი Pizza Fan-ს ფილიალების ამუშავება
რატომ არის მნიშვნელოვანი Pizza Fan-ს ფილიალების ამუშავება
საბერძნეთში პიცერიების ქსელი Pizza Fan 11 ნოემბრიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. კომპანიის 109 ფილიალიდან 107 ოთხშაბათს შუადღიდან მომხმარებლებს კვლავ მოემსახურება. საქმიანობის განახლება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა.
კომპანიისა და მისი მფლობელის, კონსტანტინოს ანტარასის ადვოკატის, მიხალის მარკულაკოსის განცხადებით, საბანკო ანგარიშები უკვე განბლოკილია და ქსელის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად საჭირო ტექნიკური სამუშაოებიც დასრულებულია.
აღდგა კომპანიის საინფორმაციო სისტემა, ხოლო ელექტრონული გადახდების მომსახურებისთვის მზად არის პლატფორმა Viva. მუშაობა განაახლა ასევე შეკვეთების ონლაინპლატფორმა efood-მა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქსელის მხოლოდ ორი ფილიალი დარჩება დროებით დაკეტილი.
Pizza Fan-ის დაბრუნებას ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც ახლავს: შეკვეთებს აღარ მოჰყვება უფასო საჩუქარი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს აქამდე სთავაზობდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშები უკანონო შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის გადაწყვეტილებით დროებით დაიბლოკა, რასაც ბიზნესსაქმიანობის შეჩერება მოჰყვა.
კომპანიის საქმიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია 2 500 თანამშრომლისთვის, რადგან საბანკო და ტექნოლოგიური სისტემების ამოქმედება შესაძლებელს ხდის შეკვეთების მიღების, ანგარიშსწორებისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის განახლებას.
