პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ქალაქ პატრაში 4 თვის ჩვილის საქმეზე, დღეს ბავშვის მშობლები გამომძიებლის წინაშე წარდგებიან. 21 წლის მამასა და 26 წლის დედას ბრალი ედებათ უმოქმედობით, თანამონაწილეობით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში.
გამოძიების ინფორმაციით, მშობლები ბავშვს არ კვებავდნენ, რის შედეგადაც ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
შემთხვევა 11 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც 4 თვის ბიჭი პატრას კარამანდანიოს სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას არასრულფასოვანი კვების შედეგად სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითებით გამოწვეული კომა დაუდგინეს. ბავშვს ასევე აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები. ამ ეტაპზე მოწმდება ვერსია, რომ ზოგიერთი ჭრილობა შესაძლოა მღრღნელების ნაკბენით იყოს გამოწვეული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ჩვილი რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ინტუბაცია გახდა საჭირო. გამოძიების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვის მძიმე მდგომარეობა საკვების სისტემატურ მიუწოდებლობას უკავშირდებოდა. 12 ნოემბერს ორივე მშობელი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ უმოქმედობით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ოჯახში ძალადობაში.
მშობლები ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ჩვილს კვებავდნენ.
ინტენსიური მკურნალობის შედეგად ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა, ბავშვი აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციული განყოფილებიდან გაწერეს. ამჟამად იგი კვლავ პატრას ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.
საქმის დამატებითი გარემოებების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები და მათი წარმოშობის მიზეზები.
დღეს 21 წლის მამა და 26 წლის დედა გამომძიებლის წინაშე წარდგებიან და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებებს მისცემენ.
