საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები რეგისტრირებული არ არის“ – ძალოსნობის მწვრთნელის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება
საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები რეგისტრირებული არ არის“ – ძალოსნობის მწვრთნელის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება
ძალოსნობის მწვრთნელი ოდისეას დიმასი, რომელსაც აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია ედება ბრალად, ორშაბათს, 16 ნოემბერს, გამომძიებლის წინაშე წარდგება.
58 წლის მწვრთნელის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სხვადასხვა პრეპარატი და ჩანაწერები აღმოაჩინეს. დოკუმენტებში მითითებული იყო სპორტსმენების სახელები, ნივთიერებების დასახელებები და შესაბამისი თანხები, რაც გამოძიების ვარაუდით, აკრძალული პრეპარატების სავარაუდო რეალიზაციის სიას წარმოადგენს.
მწვრთნელი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატის, მიხალის დიმიტრაკოპულოსის განცხადებით მის კლიენტს არასოდეს გაუყიდია აღნიშნული მედიკამენტები უკანონოდ.
თუმცა, საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის (ΕΟΦ) თანამშრომელმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ამოღებული ყველა პრეპარატი საბერძნეთის ბაზრისთვის ორგანიზაციის მიერ არ არის ავტორიზებული, ხოლო მათი ნაწილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აკრძალული ნივთიერებების სიაში შეტანილ საშუალებებს მიეკუთვნება.
გამოძიება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც საბერძნეთის ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ (EOKAN) პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მწვრთნელი შესაძლოა აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდა, ინახავდა და ავრცელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატები ათენის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში (OAKA), ძალოსნობის დარბაზის სათავსოში ინახებოდა.
საქმის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ინფორმაცია მწვრთნელის არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. გამოძიების ცნობით, 2024 წელს მისი შვილი ოფიციალური შეჯიბრის დროს ნივთიერებების გამოყენებაში ამხილეს. შარდის ანალიზში აღმოჩნდა ოქსანდროლონი, რომელიც WADA-ს აკრძალული ნივთიერებების სიაშია შეტანილი. ასევე გამოვლინდა ეფედრინის შემცველი ნივთიერების გამოყენება.
EOKAN-ის ინფორმაციით, ოდისეას დიმასს 2025 წლის 27 მაისიდან დროებითი დისკვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, ხოლო აკრძალული ნივთიერების შეჯიბრის დროს გამოყენების გამო მას 12 წლიანი დისკვალიფიკაცია შეეფარდა.
მწვრთნელი 12 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებულ ხელნაწერ ჩანაწერებში სპორტსმენების ინიციალებთან ერთად მითითებული იყო სხვადასხვა თანხა 700, 600 და 80 ევრო. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებდა პრეპარატი „Comando“, რომელსაც მწვრთნელის შვილიც იყენებდა.
