სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად
სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად
ათენის შერეულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 33 წლის ალჟირელ ქალს, რომელსაც 2025 წლის ივლისში პალეო ფალიროს ედემის სანაპიროზე საკუთარი 3 წლის ქალიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად, სამუდამო პატიმრობა და დამატებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ იგი განზრახ მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში ერთხმად ცნო დამნაშავედ და არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება არ გაითვალისწინა.
პროკურატურის განცხადებით, დედამ ბავშვი წყალში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გოგონა თავის გადარჩენას ვერ შეძლებდა. გამოძიების ხელთ არსებული მასალების თანახმად, ბავშვს სიცოცხლეშივე მიყენებული დაზიანებები და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ასევე დადგინდა, რომ დედამ ბავშვის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ ალჟირის საელჩოს სამშობლოში დაბრუნების მიზნით მიმართა და განაცხადა, რომ ორი შვილი ჰყავდა, გარდაცვლილი გოგონას შესახებ კი არაფერი უთქვამს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მკვლელობა უარყო. მისი მტკიცებით, ბავშვი აბაზანაში დაეცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. მან განმარტა, რომ დახმარების გამოძახების შეეშინდა, მოგვიანებით კი გოგონას ცხედარი ზღვაში დატოვა და აღნიშნული ქმედება რელიგიური მიზეზებით გაამართლა: „მკვლელი არ ვარ, საკუთარი შვილი არ მომიკლავს“, – განაცხადა მან.
სასამართლომ მისი ჩვენება არ გაითვალისწინა და ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.
