სპეციალისტები დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე საუბრობენ
სპეციალისტები დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე საუბრობენ
ქსანთისა და დიდიმოტიხოში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, სახელწოდებით „უნაყოფობა, შობადობის შემცირება და დემოგრაფიული პრობლემა“, სპეციალისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დემოგრაფიული კრიზისის მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდაჭერას, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უნაყოფობის პრევენციის თანამედროვე მეთოდებს.
სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ადრეული ინფორმირების მნიშვნელობას, მათ შორის საკვერცხის რეზერვის შეფასებას ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) გამოკვლევით და ნაყოფიერების შენარჩუნების შესაძლებლობებს, მაგალითად, კვერცხუჯრედების გაყინვას.
ამასთან, აღინიშნა, რომ შვილის ყოლა პირადი არჩევანია, ხოლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებს შეუქმნას შესაბამისი პირობები და უზრუნველყოს მათთვის ჯანდაცვის სერვისებსა და საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
შეხვედრების მონაწილეთა საერთო შეფასებით, დემოგრაფიული კრიზისის დაძლევა მხოლოდ შობადობის წახალისებით შეუძლებელია. აუცილებელია გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა:
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა;
- ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შეთავაზება;
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესება;
- ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება;
- ახალგაზრდა ოჯახების ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა;
- სასაზღვრო სოფლებში ცხოვრების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
