თანოს პლევრის: საბერძნეთს 2026 წლის ყველაზე რთული 48 საათი ელის წინ
თანოს პლევრის: საბერძნეთს 2026 წლის ყველაზე რთული 48 საათი ელის წინ
საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, თანოს პლევრისმა, კრეტაზე შექმნილ ვითარებას წლის განმავლობაში მიგრანტების ჩამოსვლის მხრივ ყველაზე რთული 48 საათი უწოდა. მისი შეფასებით, კუნძულზე ამჟამად დაახლოებით 2 500 ადამიანია, რაც ამ ეტაპისთვის მართვადია.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან კრეტაზე მუდმივად განთავსდება გემი, რომლის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა კუნძულიდან საბერძნეთის სხვა რეგიონებში არსებულ ორგანიზებულ მიმღებ ცენტრებში სისტემატური გადაყვანა იქნება. გადაწყვეტილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსისა და საერთაშორისო დაცვის მიღების კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღება.
თანოს პლევრისის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კუნძულიდან უკვე გადაიყვანეს დაახლოებით 700 ადამიანი, ხოლო ორშაბათიდან ირაკლიოს ახალი მიმღები ცენტრი სრულად ამოქმედდება.
მინისტრმა მიგრაციული ნაკადის ზრდა ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. მისი განმარტებით, დრონებით განხორციელებულმა ბოლო დარტყმებმა ლიბიის სანაპირო დაცვის შესაძლებლობები შეამცირა, რის გამოც იძულებით გადაადგილებულ პირთა გამგზავრების აღკვეთა გართულდა.
მინისტრის ინფორმაციით, კრეტაზე ჩასული პირების უმრავლესობა სუდანის მოქალაქეა, რაოდენობრივად სუდანის მოქალაქეთა შემდეგ კი ბანგლადეშიდან ჩამოსული ადამიანები არიან. მინისტრმა განსაკუთრებით სუდანის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. დაახლოებით სამი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირის მნიშვნელოვანი ნაწილი ეგვიპტეში, ჩადსა და ლიბიაში იმყოფება.
