პანგეოსი: საუდის არაბეთის რვა მილიარდიანი კუს ფორმის მცურავი ქალაქი
საუდის არაბეთი ემზადება კუს ფორმის მასიური იახტის ასაშენებლად, სახელწოდებით “Pangeos”. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ის გახდება ყველაზე დიდი საზღვაო ხომალდი, რაც კი ოდესმე აგებულა, არსებითად ეს იქნება მასიური მცურავი ქალაქი.
სახელწოდება”Pangeos” მომდინარეობს სუპერკონტინენტ პანგეადან, რომელიც არსებობდა დაახლოებით ორასი მილიონი წლის წინ.
პროექტი შექმნილია Lazzarini Design Studio-ს მიერ. რომში დაფუძნებული კომპანია იყენებს 3D ტექნოლოგიას დიზაინისა და იდეების ვიზუალიზაციისთვის.
პანგეოსის წარმოდგენილი ზომები ნამდვილად გიგანტურია. მსოფლიოში ამჟამად ყველაზე დიდი იახტის ტიტულის მფლობელია გერმანიის მიერ აშენებული “Azzam”, 180,61 მეტრი სიგრძით. ყველაზე დიდი საზღვაო ხომალდი, რომელიც ოდესმე აშენდა, იყო “Seawise Giant”, რომელიც ააშენა იაპონურმა ფირმა Sumitomo Heavy Industries-მა. მისი სიგრძე იყო 458,45 მეტრი. პანგეოსი ორივე ამ გიგანტზე დიდი იქნება. მისი შემოთავაზებული ზომებია სიგრძე 550 მეტრი და სიგანე 610 მეტრი.
მასიური საზღვაო ხომალდი იფუნქციონირებს როგორც მცურავი ქალაქი. საკმარისი სივრცე იქნება სასტუმროებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის, პარკებისთვის და სხვა საჯარო სივრცეებისთვის.
ლაზარინი ირწმუნება, რომ პანგეოსს შეეძლება სამოცი ათასი სტუმრის მიღება, პლუს ეკიპაჟის წევრებისა და პერსონალის დაუზუსტებელი რაოდენობა.
პანგეოსის თითოეულ გვერდით ფრთაზე იქნება სივრცე ცხრამეტი ვილისთვის და სამოცდაცხრა ბინისთვის. სამოცდათორმეტი ტერასა ხელმისაწვდომი იქნება სახურავზე. ზოგიერთს ექნება ზღვის ხედები, ზოგი კი გემის ცენტრალურ ბორტს გადაჰყურებს.
გემი იმოძრავებს ნელი და სტაბილური სიჩქარით, რაც გასაკვირი არ არის მისი დიდი ზომის გათვალისწინებით. სტუმრებს, რომელთაც ექნებათ სურვილი იმოგზაურონ პანგეოსსა და სხვა ლოკაციებს შორის, მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ სხვა საზღვაო ხომალდი ან თვითმფრინავი. ბორტზე აშენდება პორტი სხვა გემებისთვის.
გასაკვირი არ არის, რომ მასიური მცურავი ქალაქის აშენება არ არის იაფი. ლაზარინის შეფასებით, რვა მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ პანგეოსი რეალობად იქცეს. ლაზარინი ამბობს, რომ მშენებლობას რვა წელი დასჭირდება. ასეთი კოლოსალური სამშენებლო პროექტისთვის საკმარისად დიდი სივრცის პოვნა თავისთავად გამოწვევაა. დიზაინერებმა განაცხადეს, რომ მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი საუდის არაბეთია.
მშენებლობის დასაწყებად ზღვაში დაახლოებით ერთი კვადრატული კილომეტრის სივრცის გათხრა იქნება საჭირო. სამშენებლო მოედანზე წყლის დონის გასაკონტროლებლად გამოყენებული იქნება წრიული კაშხალი.
ამ დროისთვის, პანგეოსი რჩება კონცეპტუალურ ფაზაში. თუმცა, ერთ დღეს საუდის არაბეთში შესაძლოა ფუტურისტული მცურავი ქალაქის მშენებლობა დაიწყოს.
