Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

ლორდი ელგინი და პართენონის მარმარილოს სადავო მემკვიდრეობა

1801 წლის ზაფხულის ბოლოს, თომას ბრიუსმა, შოტლანდიელმა დიპლომატმა და ხელოვნების ნიმუშების ცნობილმა კოლექციონერმა, ელგინის მე-7 გრაფმა და ინგლისის ელჩმა კონსტანტინოპოლში, პართენონიდან მოიპარა უძველესი, ფასდაუდებელი ქანდაკებები, რათა ინგლისში წაეღო, რის შემდეგაც, აღნიშნული ფაქტი ქანდაკებების საკუთრების შესახებ ხანგრძლივი დავის დასაწყისად იქცა.

1800 წლის მაისში მან ათენში გაგზავნა საელჩოს მდივანი უილიამ ჰამილტონი ექვს იტალიელ ხელოვანთან და ხელოსანთან ერთად, ატიკის უძველესი ძეგლების, განსაკუთრებით პართენონის შესაფასებლად.

მისი თავდაპირველი მიზანი იყო  სხვადასხვა ძეგლებიდან ასლების დამზადება შოტლანდიაში მდებარე მისი სასახლის დასამშვენებლად.

როდესაც ეპოქის პოლიტიკამ აიძულა თურქეთი მიმხრობოდა დიდ ბრიტანეთს საფრანგეთის წინააღმდეგ, ელგინმა გამოიყენა შესაძლებლობა პირადად ესარგებლა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობით და მიეთვისებინა სიძველეების უზარმაზარი კოლექცია.

1801 წელს მან მოახერხა წერილის მიღება კაიმაკამ სეგუტ აბდულასგან, რომელმაც იმ დროს შეცვალა დიდი ვეზირი კონსტანტინოპოლში. მან მოუწოდა ათენის ოსმალეთის ხელისუფლებას ნება მიეცათ ლორდ ელგინის ხალხისთვის დაეწყოთ გათხრები აკროპოლის გარშემო, იმ პირობით, რომ ისინი არ დააზიანებდნენ ძეგლებს.

1801 წლიდან 1804 წლამდე ელგინის ეკიპაჟები მუშაობდნენ აკროპოლზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქანდაკებებს და თავად ძეგლს. მათ ამოჭრეს და ცალკეულ ნაწილებად დაყვეს პართენონის შემკული სკულპტურების თითქმის ნახევარი, შენობის სტრუქტურის რამდენიმე არქიტექტურულ ელემენტთან ერთად.

პირველი მეტოპები პართენონიდან 1802 წლის 31 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ამოიღეს. ნაძარცვი სიძველეები ხის ყუთებში შეფუთეს და ზღვით გადაიტანეს ინგლისში.

პირველი თორმეტი ყუთი დატვირთული იყო ელგინის გემზე სახელწოდებით „მენტორი”, რომელიც ჩაიძირა კითარას ავლემონასში, ანტიკითარადან არც თუ ისე შორს და ორი წელი დასჭირდა სიძველეების შემცველი ყველა ყუთის ამოღებას.

ელგინი 1806 წელს საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, სადაც იგი მისმა რამდენიმე გამორჩეულმა თანამემამულემ   მკაცრად გააკრიტიკა. ისინი მას ბრალს სდებდნენ ჩვეულებრივ ქურდობასა და ვანდალიზმში, რომელიც არასათანადო საშუალებებით (ქრთამი და ა.შ.) საკუთარი მიზნებისთვის ანადგურებდა კულტურულ ძეგლებს.

პართენონის მოპარულმა ქანდაკებებმა საბოლოოდ ადგილი ჰპოვა ბრიტანეთის მუზეუმში, სადაც ისინი დღემდეა გამოფენილი.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთის ხელისუფლება დაუღალავად იბრძვის და ძალისხმევას არ იშურებს ძველი საბერძნეთის ისტორიის ფასდაუდებელი ნაწილების სამშობლოში დასაბრუნებლად, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ, ბერძნულ გაზეთთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აშკარად გამორიცხა ელგინის მარმარილოს დაბრუნების შესაძლებლობა ათენში.

ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ლორდ ელგინმა პართენონის მარმარილო ლეგალურად შეიძინა 1810-იან წლებში, რის საფუძველზეც ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმი კანონიერად ფლობს ქანდაკებებს.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ შემდგომი დაპირისპირება გამოიწვია სადავო მემკვიდრეობის შესახებ. საბერძნეთის კულტურის მინისტრმა, ლინა მენდონიმ უარყო ეს მოსაზრება და აღნიშნა, რომ ჯონსონი არ ცნობს კომპეტენტური მეცნიერების დასკვნებს ახალი ისტორიული მონაცემების შესახებ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *