კორონისია: მეთევზეთა პატარა სოფელი თავისი განსაკუთრებული სილამაზით
ქალაქ არტადან სულ რაღაც 25 კმ-ში შეგხვდებათ თვალწარმტაცი მეთევზეთა სოფელი, რომელიც თითქოს წყალზე ცურავს. ეს კორონისიაა რომელიც მდებარეობს ამვრაკიკოს ყურის ცენტრში და დაკავშირებულია მატერიკთან მიწის ზოლით

თუ ოდესმე აღმოჩნდებით არტას მიდამოებში არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ეწვიოთ კორონისიას. ამვრაკიკოს ჭაობის შუაგულში მდებარე ეს პატარა სოფელი თითქოს მხატვრის ფუნჯით არის შექმნილი. მისი სილამაზის სრულად აღქმა განსაკუთრებით ზემოდან დანახვის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

მეთევზეთა ამ თვალწარმტაც სოფელში მისასვლელად, რომელიც ქალაქ არტადან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, უნდა გადაკვეთოთ მიწის ვიწრო ზოლი ორ ტბას, ლოგაროსსა და ცუკალიოსს შორის. მარშრუტი გაჯერებულია თვალწარმტაცი ხედებით.
კუნძული ცნობილია როგორც თავისი ბუნებრივი სილამაზით, ასევე თევზის ტავერნებით და ალტერნატიული და მშვიდი ადგილია განსაკუთრებით ბუნების მოყვარულთათვის

სახლები აქ წრიულად არის განლაგებული პატარა გორაზე და გადაჰყურებს დახურულ ზღვას, ხოლო ნავები ნავსადგურში ჩერდებიან და თევზის ტავერნებს ამარაგებენ ახალი თევზითა და ზღვის პროდუქტებით.
ბუნებრივი ლანდშაფტის გარდა, ღირს გარკვეული დრო დაუთმოთ პანაგია კორონისიის ბიზანტიურ ეკლესიას, რომელიც თარიღდება VII საუკუნით და წარმოადგენს ჯვრის ფორმის, იშვიათი ტიპის გუმბათიან ეკლესიას.
კორონისია ასევე იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. კერძოდ, ცუკალიოს ტბაში მრავლდება დაახლოებით 35 წყვილი ვერცხლის პელიკანი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ სახეობად ითვლება. ეს არის პელიკანის უიშვიათესი სახეობა და ყველაზე დიდი წყლის ფრინველი მსოფლიოში.
2008 წლიდან ეროვნული პარკი- ამვრაკიკოს ყურე არის საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭაობი.
ამვრაკიკოს უზარმაზარი ჭაობის მთავარი შემქმნელია ორი დიდი მდინარე, რომლებიც ჩაედინება ყურეში, არახთოსი და ლოვროსი. ყურის პოზიცია და ფორმა ქმნის დიდ (400 კვ.კმ) და დაცულ ზღვას მდიდარი და მრავალფეროვანი სანაპირო ზონით.

დიდი და პატარა ლაგუნები, გრძელი ვიწრო დაბალი კუნძულები, რომლებიც ლაგუნებს ზღვიდან ჰყოფს, 295-ზე მეტი სახეობის ფრინველი, მიმოფანტული ძეგლები, ქალაქები და სოფლები, რომლებიც გავრცელებულია სამ რეგიონულ ერთეულზე, მნახველს იშვიათი სილამაზის სურათებს სთავაზობს.
