საბერძნეთში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული არალეგალი მუშახელის ლეგალიზაციისთვის კანონპროექტი მზადდება
საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული, მუშახელის ნაკლებობის მწვავე პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძებნად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობის ფარგლებში განიხილა არსებული უზარმაზარი ხარვეზების შევსების შესაძლებლობა არალეგალი ემიგრანტების მიერ, რადგან აღნიშნულ სექტორს ყოველწლიურად 180 000 მიწის მუშა სჭირდება.
სოფლის განვითარებისა და სურსათის მინისტრის ლევტერის ავგენაკისის განცხადებით, მესამე ქვეყნებიდან მიწის მუშაკების დასაქმების პროგრამის დამტკიცება დიდი ხნის მანძილზე ფერხდებოდა. „წლიურად გვჭირდება 180 000 მიწის მუშა. ქვეყნები, რომლებმაც დროთა განმავლობაში დაფარეს ეს საჭიროება, არის ეგვიპტე, ალბანეთი, ინდოეთი, ბანგლადეში და ვიეტნამი, ამიტომ ჩვენ დაჟინებით ვითხოვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ გაეძლიერებინათ ჩვენი ადგილობრივი საელჩოები, ოფისები, რათა არალეგალ მიგრანტთა საქმეები შეესწავლათ, მაგრამ არა უარის თქმის განწყობით, რაც ბოლო დროს მუდმივად ხდება.
საჭიროა შემოწმდეს თითოეული დაინტერესებული მხარის ფაილი, რომელიც ჩამოდის საბერძნეთში სამუშაოდ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნით, რომელიც დაასაქმებს მას გარკვეული ვადით.
უამრავი ადამიანი არალეგალურად ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში და მუშაობენ. ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს, გვგონია, რომ არ არსებობს ან სულაც თვალს ვხუჭავთ და თავს ვიტყუებთ, რომ არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათასი არალეგალური მუშა გვყავს, რომლებმაც იციან მიწაზე მუშაობის თავისებურებები.”
როგორც სოფლის განვითარებისა და სურსათის მინისტრმა აღნიშნა, საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტროსთან კოორდინაციით და საგარეო საქმეთა, შრომისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დახმარებით, მზადდება კანონპროექტი, რომ დაიწყოს ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასაქმებული მუშაკების ლეგალიზაციის პროცესი, რომელიც მთელ რიგ პირობებს ექვემდებარება.
„ამგვარად, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოიზიდავს მეტ თანხას სადაზღვევო ფონდებში, გვექნება გამჭვირვალობა, გვექნება წესრიგი და უპირველეს ყოვლისა, სულს მოთქმის საშუალებას მივცემთ დასაქმებულ ადამიანებს და დამსაქმებლებს, რომლებიც მათ ასაქმებენ კანონის გვერდის ავლით და მუდმივი შიშის ქვეშ.
ჩვენ გვინდა დადებითი შედეგით გამოვეხმაუროთ პირველადი სექტორის მოსახლეობის ამ მოთხოვნას და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე გვექნება სასიხარულო ამბავი. ვეცდებით რაც შეიძლება მალე შევიდეს კანონპროექტი პარლამენტში და დაიწყოს მისი განხორციელება“, – განაცხადა მინისტრმა.
