ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ცნობილი არტეფაქტები
არტეფაქტი ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი, სამეცნიერო – ისტორიული, არქეოლოგიური, რელიგიური თუ კულტურული ღირებულების მქონე ნებისმიერი ობიექტი, დამზადებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა დროს.
გარდა რეალური, ხელშესახები ობიექტებისა, არსებობს ასევე მითოლოგიური შინაარსის მქონე არტეფაქტები, რომლითაც ასე გაჯერებულია მისტიური ბერძნული მითოლოგია, თავისი უამრავი ღმერთით, ნახევარღმერთით თუ სხვადასხვა მითიური პერსონაჟებით.
არტეფაქტების რაოდენობა თუ იდეური შინაარსი მრავალფეროვანია, ზოგიერთი მათგანი მის მფლობელს ხელშეუხებლობას და დაცვას პირდებოდა, ზოგიერთი კი პირიქით, უბედურების მომტანად ითვლებოდა.
ბევრ მოთხრობაში მითიური არტეფაქტები იყო გმირის ძიების ობიექტი, ან საშუალება მიზნის მისაღწევად.
პოსეიდონის ტრიდენტი
ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ტრიდენტი ბერძნულ მითოლოგიაში ერთ – ერთი ყველაზე საკულტო არტეფაქტია.
დღევანდელ დროშიც კი ის გამოიყენება როგორც საზღვაო ძლიერების სიმბოლო.
მითოლოგიის მიხედვით ტრიდენტი, რომელიც მეთევზის სამკბილა ჩანგალს წააგავდა პოსეიდონს საჩუქრად ციკლოპებმა გადასცეს.
სამკბილას გამოყენებით პოსეიდონს წყლის სტიქიის მართვა და უზარმაზარი კლდეების დანგრევა შეეძლო.
პოსეიდონი ითვლებოდა ასევე ცხენების მფარველ ღვთაებად.
ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ პოსეიდონმა სამკბილას მიწაზე დარტყმით შექმნა პირველი ცხენები ამიტომ შემდგომში მის პატივსაცემად ჯირითები იმართებოდა.

პანდორას ყუთი
პანდორას ყუთი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული მითოლოგიური არტეფაქტია.
პანდორა იყო პირველი ქალი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ჰეფესტომ თიხისგან შექმნა.
პანდორას შექმნის მიზანი იყო კაცობრიობის დასჯა პრომეთეს საქციელის გამო, რომელმაც ღმერთებისგან ცეცხლის საიდუმლო მოიპარა და ადამიანებს გადასცა.
ზევსმა აჩუქა პანდორას დახურული ყუთი და გააფრთხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ რადგან ღმერთებმა მას სხვა თვისებებთან ერთად ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, პანდორამ ძალაუნებურად გახსნა ყუთი, საიდანაც ამოვიდა ყველანაირი სიავე, ბოროტება, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელს დედამიწაზე.
შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, იყო იმედი.
ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას.
სწორედ აქედან წარმოიშვა გამოთქმა -” პანდორას ყუთი,” რომელიც ყოველგვარი უბედურების წყაროს ნიშნავს.

ნემეის ლომის ტყავი
ნემეის ლომი, ჰერაკლეს ციკლის თხზულებიდან ცნობილი მხეცი, ტიფონისა და ორთროსის საზარელი ნაშიერი, რომლის მოკვლაც ვერც ერთმა გმირმა ვერ შეძლო.
მეფე ევრისთეუსმა ბერძენ გმირს, ჰერაკლეს დაავალა ნემეის ლომი მოეკლა, ხოლო მისი ტყავი მეფისთვის მიერთმია.
ნემეის ლომის ტყავი, მითიური არტეფაქტია, რომელიც მის მფლობელს აძლევდა გასაოცარ ძალას და იცავდა ყველანაირი ზიანისაგან.
თუმცა, ლომის ოქროს ბეწვიან ტყავს ისრები ვერაფერს აკლებდა, ამიტომ ჰერაკლემ ხერხს მიმართა, ლომი გამოქვაბულში შეიტყუა და დაახრჩო, ხოლო მისი ტყავი მეფეს მიართვა.
ლომის და ჰერაკლეს შერკინების სწორედ ეს სცენაა ასახული ანტიკური ხელოვნების უამრავ ნიმუშში.
მეფე ევრისთევსს შეეშინდა ჰერაკლეს სიძლიერის და მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტა, რისთვისაც მას სხვადასხვა სახიფათო ბრძოლებში გზავნიდა.
ბრძოლის დროს ჰერაკლეს ყოველთვის ნემეის ლომის ტყავი ემოსა, რომელიც მას იცავდა, განსაცდელისგან იფარავდა და ყველაზე საშინელი ბრძოლიდანაც კი უვნებელი გამოდიოდა.

ჰერმესის ფრთიანი სანდლები
ოლიმპიური პანთეონი თორმეტი ღმერთისგან შედგებოდა, მათ შორის იყო ცბიერი და მოხერხებული ჰერმესიც, ღმერთების მაცნე და ოლიმპოდან ახალი ამბების უბრალო ხალხამდე მიმტანი.
ფრთიანი სანდლები ღმერთ ჰერმესის განუყოფელი ატრიბუტია. მითის თანახმად ჰერმესი ყველგან უსწრაფესად გადაადგილდებოდა, ამისათვის კი იყენებდა სანდლებს, რომლებზეც ფრთები იყო მიმაგრებული.
სანდლების დახმარებით მას შეეძლო ჩიტივით გადაეფრინა ოლიმპოს მთიდან დედამიწის ნებისმიერ შორეულ წერტილამდე.
ჰერმესის მითიურ სანდლებს “ტალარიებს” უწოდებდნენ და ის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მკვიდრთა ყველაზე საყვარელი ფეხსაცმელი იყო.

აქილევსის ჯავშანი
უკვდავი ჰომეროსი თავის “ილიადაში,” დასასრულს აღწერს სცენას, როდესაც პატროკლემ, აქილევსის ბიძაშვილმა მისი ჯავშანი ჩაიცვა და აქაველებსა და ტროელებს შორის მიმდინარე ბრძოლაში ჩაება.
ამ ბრძოლაში პატროკლე მოკლა ჰექტორმა, ხოლო აქილევსის ჯავშანი, რომელიც მოკლულს ემოსა, მიითვისა.
განრისხებული აქილევსი შირისძიების სურვილით იწვოდა, მაგრამ ჯავშნის გარეშე ბრძოლა არ შეეძლო.
მისმა დედამ თეტისმა დაარწმუნა მჭედლობის ღმერთი ჰეფესტო, რომ აქილევსისთვის ახალი ჯავშანი გამოეჭედა.
ჰომეროსი თავის ილიადაში რამდენიმე გვერდს უთმობს ჯავშნის აღწერას და ახასიათებს მას როგორც აალებულ ცეცხლზე უფრო ნათელს.
ჯავშანი დიდხანს იცავდა აქილევსს ტროას და ჰექტორის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ ისარი მის დაუცველ ქუსლს მოხვდა და მოკლა.
ბერძნულ ბარელიეფებზე გამოსახულია აქილევსი როგორც კუნთოვანი ახალგაზრდა, ხვეული თმით. გმირის ნახვა შესაძლებელია ასევე ძველ ბერძნულ კერამიკულ ჭურჭელზე სადაც ის თითქმის ყოველთვის ჯავშნითაა გამოსახული.

