ეგვიპტე: შვილის მკვლელობაში და კანიბალიზმში ბრალდებული ქალი საბოლოოდ შეურაცხადად აღიარეს
შვილის საშინელ მკვლელობაში და კანიბალიზმში ბრალდებული დედა, ეგვიპტის მოქალაქე 29 წლის ჰანაა მოჰამედ ჰასანი, რომელმაც დაახლოებით ექვსი თვის წინ თავის ხუთი წლის შვილს თავი მოჰკვეთა, ეგვიპტის სასამართლომ შეურაცხადად გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ქალს არ შეეძლო გაეკონტროლებინა თავისი ქმედება, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ის არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა იქნეს მოთავსებული.
ჰასანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ბავშვის ბიძამ ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ფაკუსში, ქალის საცხოვრებელ სახლში, ჭურჭელში მოთავსებული დანაწევრებული ბავშვის კიდურები აღმოაჩინა. პოლიციის განცხადებით, დაკავებისას ქალმა აღიარა შვილის მკვლელობა და კანიბალიზმი, რადგან ” სურდა მისი შვილი სამუდამოდ მასთან ყოფილიყო”.
დანაშაულის დეტალები შემზარავია: მან ბავშვი სააბაზანოში, თავში სამჯერ ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი დაანაწევრა, თავი და სხეულის სხვა ნაწილები მოხარშა და შეჭამა. დარჩენილი ნაწილები კი ჭურჭელში მოათავსა და სამხილების განადგურებას შეეცადა.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ყოფილ ქმარზე შურისძიება და ასევე შიში რომ ქმარი მას ბავშვზე მეურვეობას ჩამოართმევდა.
თავდაპირველმა ფსიქიატრიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ ქალი პასუხისმგებელი იყო მის ქმედებებზე, რომელიც წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი. დანაშაულის ჩადენამდე მან მოამზადა მძიმე ხის საგანი და დანა, შემდეგ კი ჩაკეტა სახლის ყველა კარი და ფანჯრები.
შემდეგში სასამართლომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის უფრო დეტალურად შეფასების გადაწყვეტილება მიიღო. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჯგუფმა დაადგინა, რომ ჰასანს ჰქონდა “ჰალუცინაციები” და თვლიდა, რომ მისი ნათესავები მის შვილს შელოცვებს უტარებდნენ.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ქალს დაქვეითებული ჰქონდა აზროვნების და განსჯის უნარი და ვერ აცნობიერებდა მისი ქმედებების სიმძიმეს და მან თავისი საშინელი დანაშაული უბრალო შეცდომად მიიჩნია. ამ დროისთვის ჰასანი კაიროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
დედა-შვილი მარტო ცხოვრობდნენ ქმართან დაშორების შემდეგ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა.
მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში მამაკაცი ამბობს: “როდესაც მივედი პოლიციამ არ მომცა საშუალება ჩემი შვილი მენახა საშინელი სცენის გამო. ოთხი წლის წინ დავშორდით, მას მამისგან მიწა ჰქონდა და უნდოდა სახლი, ოჯახი მიმეტოვებინა და მასთან ერთად წავსულიყავი იქ საცხოვრებლად, რაზეც მე უარი ვუთხარი და ამის შემდეგ მისივე სურვილით ჩვენი ურთიერთობა დასრულდა.
განქორწინების შემდეგ მასთან შერიგება ვცადე, მაგრამ მან უარი განაცხადა და ისევ დაჟინებით ითხოვდა საცხოვრებლად მის მამულში გადასვლას. ჩემი შვილი იყო ის, ვინც მასთან მაკავშირებდა. რეგულარულად ვნახულობდი, მისთვის ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მიმქონდა, მაგრამ ბოლო დროს ის ცდილობდა ჩემგან შორს დაეჭირა თავი და ბავშვის ნახვის საშუალებას არ მაძლევდა. ვცდილობდი მის ოჯახს დავკავშირებოდი, რომ ჩემი შვილი მენახა და დავრწმუნებულიყავი რომ ის კარგად იყო.”